ასოცირების შეთანხმების ანგარიშში საუბარია, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს​

ევროპარლამენტის ანგარიში არის ძალიან კარგი მანიშნებელი იმის თუ რა პრობლემებია საქართველოში – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

„იქ არის 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, ცალკე არის გამოყოფილი რომ 2 ადამიანი გათავისუფლებულია და მაინც, ბოლომდე უნდა შესრულდეს. ეს ნიშნავს იმას რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად სახელი და გვარი მოხსენიებული არის თუ არა, იმიტომ რომ ეს არის არსი ამ კონკრეტული ჩანაწერის. ეს არის ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელზეც ქართული ოცნების მხრიდან თუ ისეთივე რეაქცია იქნება, რომ ევროპარლამენტარები არიან მოსყიდული, ან ვიღაცის ლობირებას ეწევიან, ბუნებრივია ამას მოჰყვება კიდევ უფრო მძიმე რეაქცია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. საქართველოს ხელისუფლების სწორი რეაქცია იქნება იქ არსებული გზავნილების შესრულება“, – აცხადებს კაპანაძე.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო.

შესწორებები შეეხება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს, 8 მარტის შეთანხმებას, საარჩევნო გარემოს და სხვა საკითხებს.

 

“იმედინიუსი”