პარლამენტი დღეს ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება

პარლამენტში დღეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

კანონპროექტს დღეს ჯერ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს, ხოლო შემდეგ პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, კანონპროექტით მხოლოდ მისი მოქმედების ვადა იცვლება, ხოლო მუხლობრივი და პრინციპული ცვლილებები არ შედის. შესაბამისად, საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.

“მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19 -თან ბრძოლის გზაზე საქართველომ მიაღწია გამორჩეულად პოზიტიურ შედეგს, ჩვენ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. სპეციალისტთა უმრავლესობა ადასტურებს, მოსალოდნელ მეორე ტალღას, ამისთვის ქვეყნები უკვე ემზადებიან. შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაც, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად, ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მაისში პარლამენტმა ამავე კანონში შეიტანა ცვლილებები და საკარანტინო ღონიძიებები ახლებურად განსაზღვრა. ამ ახალი განმარტებით, მასში მოიაზრება ისეთი ღონისძიებებიც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მაისში დამტკიცებული კანონის გარდამავალ დებულებაში გაიწერა, რომ მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 2020 წლის 15 ივლისამდე შეეძლება. პარლამენტში ახლახან ინიცირებული კანონპროექტით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.

ცნობისთვის, საკარანტინო ღონისძიებებში, მოიაზრება ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუძლია. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

 

“ინტერპრესნიუსი”