აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მწვავედ გააკრიტიკა.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი ჩინეთის ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„ჯო ბაიდენი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში საჩუქარი იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის. მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ეს ამერიკელი მუშებისთვის გამანადგურებელი იყო. ჩინეთს წელიწადში ჩვენი ქვეყნიდან ასობით მილიარდი დოლარი გაჰქონდა, ჩვენ აღვადგინეთ ჩინეთი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ბაიდენი არასდროს გამოსულა ჩინეთის წინააღმდეგ.
ამავე დროს, აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა კორონავირუსის გამო ჩინეთისთვის საზღვრების ჩაკეტვას.
„ის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჩემს სამგზავრო აკრძალვას, რომელიც ჩინური ვირუსის გავრცელების შეჩერებისკენ იყო მიმართული. ის ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და მე ქსენოფობს მეძახდა. ერთი თვის შემდეგ, მან აღიარა, რომ მართალი ვიყავი. ჩვენ დამატებით ათასობით გარდაცვლილი გვეყოლებოდა, თუ დავუშვებდით, რომ ძლიერ ინფიცირებული ჩინეთიდან ხალხი ჩამოსულიყო“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი რადიკალი მემარცხენე გახდა.
„ჩვენ შორის ასეთი განსხვავებული პოზიციები არც ერთი არჩევნების დროს არ ყოფილა. ჩვენ გვსურს ძლიერი საზღვრები. მე ათასჯერ მითქვამს, რომ საზღვრების გარეშე, თქვენ არ გექნებათ ქვეყანა. ამათ არ სურთ, რომ ჰქონდეთ საზღვრები, ღია საზღვრები უნდათ. ეს რადიკალური მემარცხენეობაა და ეს ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
“1არხი”