„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა რეალურად ოპოზიციის დახმარება იქნება.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვს და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა ოპოზიციას მმართველი გუნდის არჩევნებში დამარცხებაში დაეხმარება.
„20 ივნისს კობახიძის პირადი დამსახურებით არა მხოლოდ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდა მის სავარძელში, არამედ ამას მოჰყვა წყება მთელი შესაბამისი ვითარების, რომელმაც გამოიწვია ქართველი ხალხის სერიოზული დაზიანება და მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. პროტესტი დაიწყო სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით, რასაც მან უპასუხა დაცინვით, ეს არის ის ტონი, რომლითაც ის ესაუბრება საზოგადოებას, ამიტომ „ქართული ოცნება“ თუ მას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი და ამ მიმართულებით ეს იქნება მხოლოდ დახმარება და ხელის წაკვრა ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე დავამარცხოთ ივანიშვილი მისი ყველა პოლიტიკური მარიონეტის ჩათვლით, პირველ რიგში ბატონი კობახიძის,“- განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.
“ინტერპრესნიუსი”