კანონპროექტს, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ელექტრონულ კომუნიკაციებში შესატანი ცვლილებები – კანონპროექტს, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

მანამდე კი მასზე მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა.

სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ძირითადად დროებითი მმართველისა და დაჯარიმების დეტალებით ინტერესდებოდნენ. ამ მიმართულებით მოხდა კანონპროექტის დაკორექტირებაც. საბოლოოდ ცვლილებებს კანონმდებლებმა კომიტეტზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას.

“ჯარიმა რომელიც თქვენ დააკისრეთ კონრკეტულ ოპერატორს შეიძლება გასაჩივრებული იყოს სასამართლოში და მანამ, სანამ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ გინდათ რომ მიიღოთ უფლება და მექანიზმი, რომლითაც იქ შეიყვანთ დროებით მმართველს. რატომ არ გინდათ, რომ ამ ჯარიმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ იყოს მიღებული, ხო ენდობით სასამართლოს და მაგის მერე მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ შეიყვანოთ სპეციალური მმართველი,” – მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ კანონპროექტის ინიციატორებს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს და ამ მიზეზებზე არც კანონის ინიციატორები საუბრობენ.

სხდომას ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს ეხება კარგად გავლილი და შეჯერებული უნდა იყოს, რადგან არ დაზიანდეს ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკაც.

ჯარიმების დაწესების ვადებს ეხებოდა კომპანია “მაგთიკომის” დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძის კრიტიკა:

“ყოველ ხუთშაბათს თუ ავკიდეთ, ერთ თვეში მორჩება ეს 4 ჯარიმა და გამოდის რომ 35 -ე დღეს შეგიძლიათ მმართველი დაუნიშნოთ. თუ მას არ მიეცით პირველი ჯარიმიდან ერთი სამი თვე, რომ გამოასწორეთ, კომპანია ჩავარდება ისეთ მდგომაროებაში რომ ვერ გამოვა,”- განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მმართველის დანიშნვა ხდება არა კომისიის, არამედ სასამართლოს მიერ:

“2 სპეციფიური ვალდებულების და კონცენტრაციის საკითხების დარღვევის შემთხვევაში დროებითი მმართველის მექანიზმი ირთვება მას შემდეგ, რაც ჯერ ერთი რომ 4 სანქციაა დადებული  და მეორეც, დროებითი მმართველის დანიშვნა ხდება სასამართლოს მიერ, კომისია კი არ ნიშნავს,”- განაცხადა კობა ბექაურმა.

 

“რუსთავი2”