“ლოჯი” – ძალზე ცუდი სასტუმრო იძულებითი კარანტინის სტუმრებისათვის!

“ნიუსფრონტი-საქართველო” დაუნდობლად აკრიტიკებს მთავრობას, რაც გასაკრიტიკებელია, მაგრამ დადებითსაც აღნიშნავს. ამ შემთხვევაში, დადებითად გვინდა მოვიხსენიოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი საკარანტინო პირობები სხვადასხვა სასტუმროებში.

უცხოეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძულებით კარანტინში ხვდებიან ამა თუ იმ სასტუმროში, ძირითადად, ძალზე კმაყოფილები არიან პირობებით, რაშიც ფულს სახელმწიფო იხდის. ოთახები, კვება, კომფორტი – ყველაფერი დადებით გამოხმაურებას პოულობს.

მაგრამ არის სავალალო გამონაკლისებიც. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია გუდაურის სასტუმრო “ლოჯი”, სადაც ორი კვირის მანძილზე ყოფნა რუსეთიდან შემოსულ ჩვენს თანამემამულეს მოუწია.

გუჯა ბიჭაშვილი ხსენებული სასტუმროს მომცრო ზომის ოთახში განათავსეს, სადაც მხოლოდ სარკმელი იყო. წარმოიდგინეთ, როგორია 2 კვირის მანძილზე პატარა სარკმლიან ოთახში ცხოვრება – სააკაშვილის რეჟიმის დროის პოლიტპატიმრის, სამხედრო კაცისთვის, ეს ოთახი ციხის საკნის ასოციაციას იწვევდა.  მოგეხსენებათ, კარანტინში მყოფებს ოთახის დატოვება ეკრძალებათ.

გარდა სივიწროვისა, კვება იყო ძალიან ცუდი, მენიუ დღის განმავლობაში ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან დამზადებული კერძებისგან შედგებოდა. კვერცხიანი საკვები განსაკუთრებით ხშირი იყო.

მაგრამ კიდევ უარესი – კარანტინში მყოფ სტუმარს დილით შემოტანილი ერთი ბოთლი წყალი უნდა ეკმარა მეორე დილამდე. სანამ სტუმარმა ამის გამო აქტიური პროტესტი არ გამოხატა, ვითარება მანამდე არ შეიცვალა.

სწორედ ამ მიზეზების გამო, ჩვენი ანტიგმირი სასტუმრო გახლავთ დაბა გუდაურის ხუთვარსკვლავიანი (!) სასტუმრო “ლოჯი” (“Lodge”).

იმედია, სხვა სასტუმროები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სახელმწიფოსგან მიღებულ შეკვეთას, მეტ პატივისცემას გამოიჩენენ სტუმრებისადმი, თანამემამულეებისადმი, რომლებიც მათთან იძულებით თავსდებიან და თავს არ შეირცხვენენ.