პაატა იმნაძე: რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ ამ რისკების მართვა შეიძლება

რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ ამ რისკების მართვა შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

„კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრენები რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა“, – განაცხადა იმნაძემ.

მან ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლავ რეკომენდებულია ჰიგიენის დაცვა.

„ზაფხულია ჩვეულებრივი და სხვათა შორის, „კოვიდის“ საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვა ვირუსებზეც ვრცელდება, იგივე ხელის დაბანა, რომელიც „კოვიდის“ დროს აუცილებელია. ვირუსებზე, რომელიც ასეთი გზით ვრცელდებიან, იგივე გზაა. აქედან გამომდინარე, ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა ყველა ვირუსისგან დაგვიცავს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინასთან დაკავშირებით კი გარკვეული ვაქცინები კვლევის ფაზაშია.

„არის რაღაც ვაქცინები, რომლებიც კვლევის მეორე ფაზაშია. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ვაქცინა შეიქმნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.