სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო. სროლისას 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა, 4-კი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთი საკუთარ დაღუპულ სამხედროთა რაოდენობას მალავს.
აღნიშნული კონფლიქტის შესაფასებლად PIA.GE რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.
მისი შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს და მას აქტიური და პასიური ფაზები აქვს.
„ამ კონფლიქტს აქვს პასიური და აქტიური ფაზები, ახლა კი დადგა აქტიური ფაზა. ამ მომენტისთვის, მთავარია არ გადაიზარდოს ფართო მასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში, რაც ცუდ შედეგებს მოიტანს, როგორც ამ ორი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოსთვის“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
როგორც ბატიაშვილი განმარტავს, რუსეთმა შესაძლოა, სომხეთის დასახმარებელ ერთ-ერთ გზად საქართველოსგან სამხედრო კორიდორის შექმნა მოითხოვოს.
„გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონფლიქტში მონაწილე სომხეთი კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) წევრია, სადაც ლიდერი სახელმწიფო რუსეთია. ეს ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას წევრი ქვეყნები გარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთს გზა გაეხსნება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ასევე რუსეთმა შესაძლოა, სომხეთის დასახმარებელ ერთ-ერთ გზად საქართველოსგან მოითხოვოს სამხედრო კორიდორის შექმნა, რაც ცალკე დიდ გამოწვევებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ზურა ბატიაშვილმა PIA.GE-სთან საუბრისას.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. დღემდე ამ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანია დაღუპული.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს დაიწყო. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.
“პია.ჯი”