საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მივიდა. ის ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას და საზეიმო წირვას დაესწრება.
ადგილზე ასევე იმყოფებიან სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენიმე წუთში, ღვთისმშობლის წმინდა კვართს გამოაბრძანებენ სასახლის ეზოდან, მრევლთან ერთად საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
ვლაქერნობას, როგორც საერთო-სახალხო დღესასწაულს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. გასული საუკუნის დასაწყისში (1909-1915), როცა რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ საქართველოში იმოგზაურა, ფირზე ვლაქერნობის დღესასწაულიც აღბეჭდა. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ხალხი ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშია შეკრებილი. როგორც ჩანს, ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად მართლმადიდებელი მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ისინი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატზე ლოცულობდნენ, რომელსაც მორწმუნეები სასწაულმოქმედად მიიჩნევდნენ.
“იმედინიუსი”