უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული. როგორც კოდში ჩანს, საიტის ქვედა ნაწილში 4 დამალული პორნო-ბმულია.

 

ინფორმაცია ამის შესახებ კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის ინფრასტრუქტურის ნაწილი გატეხილია. ასეთ ბმულებს ე.წ. სპამ-ბოტები ათავსებენ ისეთ საიტებზე, რომლის გატეხვასაც მოახერხებენ.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებგვერდი “წონიანია”, რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით, სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება.

Web Archive-ის შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1-ლი ივნისიდან ფიქსირდება.

ბმულებთან დაკავშირებით On.ge უზენაეს სასამართლოს დაუკავშირდა. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განაცხადეს, კოდში პორნობმულების გალინკვასთან დაკავშირებით IT სამსახურს უკვე შეატყობინებენ და საკითხს შეისწვალიან. მათივე თქმით, ვებგვერდი გატეხილი არაა და ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

“ონ.ჯი”