პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის”) მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.
იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.
2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 409,1 მლნ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, უკრაინა – 205,7 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი – 216,5 მლნ დოლარზე მეტი, გერმანია – 168, 1 მლნ დოლარზე დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 175 მლნ დოლარი, იტალია – დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.
საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.
კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 30,6%-ით, იმპორტი კი 34,3%-ით.
ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
“სპუტნიკ-ჯორჯია”