„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალდება წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 4 ივლისს ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიე გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 04 ივლისს, ქალაქ ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს გენერალურ როკურატურაში.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა.

 

“იმედინიუსი”