რამდენ ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება საქართველოში – ცესკოს პირველი მონაცემები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობა 3,731 მილიონ ადამიანს შეადგენს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება კი 3 550 054 ადამიანს შეუძლია

 

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ამ დროისათვის 3 550 054 პოტენციურ ამომრჩეველს შეუძლია, ეს რიცხვი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს Facebook-გვერდზეა მითითებული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.

სააგენტომ პოტენციურ ამომრჩეველთა სია ცესკოს უკვე გადასცა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოტენციურ ამომრჩეველთა სიას სააგენტო ცესკოს ჩვეულებრივ დროს წელიწადში ოთხჯერ გადასცემს, ხოლო არჩევნების წელს – ყოველი მოთხოვნის შემდეგ.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა სიიდან 3 177 178 მოქალაქის მონაცემები აბსოლუტურად ზუსტია, რადგან საარჩევნო უფლების მქონე 2 956 608 საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო 220 570 ამომრჩეველი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

ამომრჩეველთა სიის სრულყოფისა და სრულფასოვანი მონაცემთა ბაზის შექმნის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება.

ამომრჩეველთა სიები ყოველი არჩევნების წინ დავის მიზეზი ხდება. არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით ახლა ამომრჩეველთა სიებში ასახულია ამომრჩეველთა ფოტოები მათი ელექტრონული დოკუმენტებიდან.

სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტრო პერიოდულად ატარებს აქციებს პირადობის დამადასტურებელი ძველი მოწმობის ახალი ელექტრონული დოკუმენტებით უფასოდ შეცვლის მიზნით. ბოლოს მსგავსი აქცია 2019 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2020 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

“სპუტნიკ-ჯორჯია”