რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს.
ამის შესახებ სერგეი ლავროვის უწყების მიერ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ე.წ. საზღვარზე პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებს, ვაშინგტონი კი ქართულ მხარეს უპირობოდ იცავს.
„გვსურს აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც ამერიკელებისთვის უკვე ტრადიციულად ქცეულ მანერით, მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი სულ მცირე ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასში საუბარი 11 ივლისს მომხდარ ინციდენტზეცაა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს 33 წლის მოქალაქე ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთა. და მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მისი დაკავება სცადეს, 10-მდე გასროლა განახორციელა, საპასუხო სროლის შედეგად კი ის ფეხში მსუბუქად დაჭრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დაკითხვისას მან აღიარა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.
ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაკავების დროს მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. კაცი ფეხშია დაჭრილი. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
“იმედი”