მომავალი კვირიდან საფრანგეთში, დახურული ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ჟან კასკექსმა განაცხადა.
მანამდე პირბადეების ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყო აუცილებელი.
“ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს ზომები პირველი აგვისტოდან იქნებოდა მიღებული, თუმცა ამასთან გვესმოდა, რომ ეს ვადა დაგვიანებული ჩანდა, ამიტომ დადგენილება მომავალი კვირიდან ამოქმედდება” – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ პარიზის რამდენიმე საავადმყოფოს მონაცემების გათვალისწინებით, საფრანგეთში ეპიდემია ბრუნდება.
“პარიზის რამდენიმე საავადმყოფოში ჩვენ ვხედავთ სუსტ სიგნალებს, რომ ეპიდემია ბრუნდება. ამიტომ ფრანგებს ვთხოვ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ”, – განაცხადა ვერანმა რადიოსადგურ France Inter-ის ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 30 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლენილია ინფიცირების 173 ათასზე მეტი შემთხვევა.
წყარო: report.ge