ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე ფიქრობს, დღევანდელ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, მთავრობა მუდმივი დიალოგის და ბიზნესის თხოვნის გათვალისწინების რეჟიმში უნდა იყოს.
ჭუმბურიძე დარწმუნებულია, რომ უახლოეს თვეებში ვითარება არ გამოსწორდება, უფრო მეტიც ზამთარში პრობლემები მოიმატებს.
“ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ახალი ფორმატი, რომელსაც ჰქვია “დიალოგი ბიზნესთან”. უპირველესად ესაა ბიზნესის შეხვედრა სამთავრობო სტრუქტურებთან. ამ რთულ ვითარებაში რა თქმა უნდა, საჭიროა ბიზნესის ხმის მოსმენა და გათვალისწინება. მათი თხოვნების, საჭორიებების, წინადადებების ყურად ღება. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ არის და ბევრი რამაა გასაკეთებელი და შესაბამისად, ბიზნესის ხმა აუცილებლად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. ბიზნესი გეგმავს შესთავაზოს წინადადებები ხელისუფლებას საგადასახადო კუთხით, ინვესტიციების მოზიდვისა თუ იგივე ტურიზმის სექტორის დახმარების კუთხით” – ამბობს ჭუმბურიძე და დასძენს, რომ შეხევდრები პერმანენტულად გაგრძელდება. მორიგი შეხვედრა კი ნოემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, დღეს, 16 ივლისს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, გაიმართა დიალოგი ბიზნესთან – “ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები”.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.
განიხილეს შემდეგი საკითხები: ბიზნესის მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობის განახლებული პროგრამები, „კოვიდ 19“-ის გავრცელების გამო ბიზნესის ახალი გამოწვევები; ზარალის მინიმიზაციისა და ეკონომიკის აღდგენისათვის საჭირო აქტივობები/დამატებითი ღონისძიებები; ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობები.
წყარო: report.ge