თბილისში 2 მილიონის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა. ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.

“ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკო-პლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია “ტელეგრამში”. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ადგილზე სარეალიზაციოდ გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზი” ამოიღეს, ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ექსტაზი” და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: “მდმა”, “ჰაშიში”, “კოკაინი” და “მარიხუანა”. ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფულიც: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

წყარო: report.ge