ციფრულ ტექნოლოგიებს აქვთ განუსაზღვრელი შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს კიდეც, მაგრამ ამას არ შეუძლია მასწავლებელი-მოსწავლის ცოცხალი ურთიერთობის ჩანაცვლება. ეს ურთიერთობა ქმნის შემოქმედებითობას, გუნდურობისა და მეგობრულობის განწყობას და ერთობას.
არ გამოვდივარ ტექნოლოგიური პროგრესის წინააღმდეგ, მაგრამ ურთიერთობის ეს ფორმა არის ცოცხალი ადამიანების დატუსაღების, ურთიერთობების მოშლის, ადამიანების ერთმანეთთან და ზოგადად სამყაროსთან გაუცხოების მცდელობა. განათლების და ცოდნის მიღება მრავალმხრივ არის შესაძლებელი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის აღზრდა, პიროვნების ჩამოყალიბება. ჩვენ გვაქვს უნიკალური სიმდიდრე, ცოცხალი ანბანი: ნუსხა-ხუცური, ასომთავრული და მხედრული. არ შეიძლება ეს დაიკარგოს, მხოლოდ ეკლესიამ შემოინახა ეს დიდი განძი. საჯარო სკოლებში დღეს რომ აღარ ასწავლიან, რაღა იქნება ციფრულ მომავალში?
თითოეულ ოჯახში საშუალოდ 4 წევრია. სამსახურსა და სკოლაში დისტანციური ურთიერთობის შემთხვევაში ასეთ ოჯახს 4 კომპიუტერი ან სხვა ინტერნეტ-რესურსი სჭირდება, რაც უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.
რამდენად მისაღებია უმცროსი ასაკის ბავშვებს ჰქონდეთ ასეთი ინტენსიური ურთიერთობა ახალ ტექნოლოგიებთან.
ზოგი სპეციალისტის მოსაზრებით, იზრდება ე.წ. ციფრული აუტიზმის ეპიდემიის საშიშროება. ეს ის მდგომარეობაა, როცა ახალგაზრდებს არ აქვთ ერთმანეთთან ფსიქოლოგიური კონტანქტი, არ აინტერესებთ ერთმანეთის განწყობა. ციფრული ტექნოლოგიის მასობრივი გამოყენება ადუნებს (აჩლუნგებს) მოზარდის აზროვნებას, მის ცხოვრებისეულ მზაობას.
არც ის გამოირიცხება, რომ ვირუსის გავრცელება დამატებითი სტიმული იყოს განათლების სისტემაში (და არა მხოლოდ ამ სფეროში) ციფრული ტექნოლოგიის დანერგვის აუცილებლობად წარმოჩენისთვის.
ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალი ციფრული ტექნოლოგია ყველგან ვერ დაინერგება, რაც კიდევ მეტად გააღრმავებს ისედაც სუსტ კავშირს ქალაქებსა და სოფლებს შორის, ხელს შეუწყობს ადამიანების მარგინალიზაციას, ნათესავური თუ სხვა ურთიერთობების შესუსტებას და მოშლას.
მღვდელი ნოე გუგუციძე