VIDEO: დაზიანებული ფრესკები გელათში – რეაბილიტირებული სახურავიდან წვიმა ჩადის

გელათის სამონასტრო კომპლექსის, ღვთისმშობლის შობის – ტაძრის სახურავიდან წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა.

 

დაზიანებები ტაძარში მარტივად შესამჩნევია. დაზიანებული ნაწილები უკვე მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა.

ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ „კრამიტებიდან“ ჩასულმა წვიმის წყალმა დააზიანა უძველესი ფრესკები.

„ტაძარს ზემოდან აქვს საჰაერო, ეს ყველა შენობას აქვს, დაჰაერება, როგორც ვინტილაცია ისეა. ეს აღმოჩნდა დაკეტილი, როცა კრამიტები გამოცვალეს და ბეტონი დაასხეს, ესაა მთავარი პრობლემა”, – ამბობს მოძღვარი ანტონ ჩარქსელიანი.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვრცელ განმარტებაში ნათქვამია, რომ კრამიტის ხარისხი, რომლითაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გადაიხურა, არ ყოფილა შეთანხმებული სააგენტოსთან.

წერილში განმარტებულია, რომ სააგენტოს ამის შესახებ მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა, პროცესში ჩაურთველობის მიზეზად კი, მცირე ვადები დასახელდა.
„2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, დადგინდა რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი არ არის გათვალისწინებული კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის.

ცნობილია, რომ კრამიტის დამზადებამდე, შემსრულებელმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დამკვეთთან (მგფ) შეთანხმდა კრამიტის კონკრეტული მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია.

პროცესში სამწუხაროდ ეროვნული სააგენტო არ ყოფილა ჩართული. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ეროვნულ სააგენტოს.

ცვლილების მიზეზად კი დასახელდა პროექტის მოკლე ვადები და აღინიშნა, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალის მაღალი ხარისხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში მოხვდა, 2017 წელს კი დასრულდა გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ძირითად ნუსხაში დაბრუნების 7-წლიანი პროცესი.

“პრაიმტაიმი”