ზურაბ აბაშიძე: ინციდენტები საოკუპაციო ხაზზე ძალიან სახიფათოა, რასაც ჩვენ არ შევეგუებით

„ავამოქმედეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა ამ თემის აქტუალიზება მოხდეს. როგორც ჩანს, ეს ჩვენს მეზობლებს არ მოეწონათ“, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ინციდენტები საოკუპაციო ხაზზე ძალიან სახიფათოა, რასაც ჩვენ არ შევეგუებით. ამიტომაც ავამოქმედეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა ამ თემის აქტუალიზება მოხდეს. როგორც ჩანს, ეს ჩვენს მეზობლებს არ მოეწონათ და ამ ფორმით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება და უკმაყოფილება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები არ არსებობდეს

რუსეთი საქართველოს ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას“.

გარდა ამისა, რუსეთი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს, რაც მათი შეფასებით, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას.

“იმედი”