ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ, ყველა ერთად, ეპიდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებებში, რომელსაც ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ლუგარის კარი ყველასთვის ღიაა, იმისთვის, რომ ერთობლივად, გუნდურად ნახოს ყველამ“ – განაცხადა პრემიერმა.
დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაცია კიდევ ერთხელ გაავრცელა. ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის დაკავებისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ წერს. დე-ფაქტო ხელისუფლება კიდევ ერთხელ იუწყება, რომ მღებრიშვილმა „საზღვარი“ ღამურების შესაგროვებლად გადაკვეთა. ე.წ. „სამინისტრო“ კიდევ ერთხელ ავრცელებს დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
„არსებული ინფორმაციით, 2012 წლიდან, ე.წ. „ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ ინტერესი სამხრეთ ოსური ღამურების პოპულაციის მიმართ მზარდია. ამ ამერიკული სამხედრო-ბიოლოგიური ფონდის გახსნის პირველივე დღიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ამ ცენტრში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ, ასევე არსებობს სერიოზული საფრთხეები. ცნობილია, რომ საერთაშორისო ექსპერტები პანდემიის დაწყების ყველაზე დამაჯერებელ ვერსიად ღამურებს განიხილავენ“ – აღნიშნულია განცხადებაში.
“იმედი”