ნეპალში, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, რომლებიც განუწყვეტელმა წვიმებმა გამოიწვია, ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ადმინისტრაციისა და პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება.
აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 23 გარდაცვლილის შესახებ.
განახლებული ინფორმაციის თანახმად, მიაგდის მხარეში, სადაც რამდენიმე სახლი დაინგრა, სტიქიის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, 11 დაშავდა, სულ მცირე 13 ადამიანი კი დაკარგულად არის მიჩნეული. კასკის რაიონში 7 ადამიანი დაიღუპა. გულმის, ლამუნგისა და სინდჰუპალჩოკის რაიონებში, კატასტროფის მსხვერპლი გახდა 6 ადამიანი. აღნიშნულია, რომ ძლიერი წვიმის გამო ათასობით ნეპალელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი.
Reuters-ის ცნობით, შესაბამისი სამსახურები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აწარმოებენ. მიაგდიში ვერტმფრენის დახმარებით დაახლოებით 50 ადამიანი იპოვნეს და გადაარჩინეს.
წყარო: ipress.ge