ნიკა ჩიტაძე: კალაძე უუნაროდ არ აღიქმება და ამიტომაა რეიტინგული, ბაქრაძე კი ხალხს არ აღიზიანებს

მე პირადად კალაძესთან ბევრი კითხვები მაქვს. როდესაც ის აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 9 წელს ასე მწვავედ, ისიც ხომ გვახსოვს, მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. მათ შორის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგაც, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “აიპრესთან” ინტერვიუში საუბრობს.

ნიკა ჩიტაძეს სეფასებები “ედისონ რისერჩის” სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით ვთხოვეთ, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 55% პოზიტიურად აფასებს, ხოლო 45% ნეგატიურად. პრემიერობის კანდიდატად ყველაზე მეტს დავით ბაქრაძე სურს ოპოზიციიდან, მას მხარს 26% უჭერს, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე გასულ გიორგი ვაშაძეს 20% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს 18%, ხოლო მიხეილ სააკაშვილს 7%.

ესეც საინტერესო საკითხია, კრიტიკის მიუხედავად კალაძე კვლავ რჩება მოწონებად ფიგურად წლების განმავლობაში და ასევე კითხვებს ბადებს და ამოუხსნელ ფენომენად რჩება მოწონების თვალსაზრისით დავით ბაქრაძის ლიდერობაც. ეს რით უნდა აიხსნას?

– იცით რა არის? დავით ბაქრაძე სოლიდური ფიგურაა, რომელიც სხვებს არ აყენებს შეურაცხყოფას. კი აკრიტიკებს, მაგრამ განათლებული და გაწონასწორებული პიროვნებაა.

ანუ როდესაც ხალხის გაღიზიანებას არ იწვევს, ეს მოქმედებს?

– დიახ. მაგალითად, გიგა ბოკერიაც ძალიან განათლებული და გონებაგახსნილი ფიგურაა, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, ვისაც ბოკერია აღიზიანებს. მე ვთვლი, რომ ძლიერი პოლიტიკოსია. ამ ფაქტორიდან გამომდინარე ხდება მისი რეიტინგის განსაზღვრა.

რაც შეეხება კალაძეს. „ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებით უუნაროდ არ აღიქმება. სულ რომ არაფერი კალაძის დროს კეთდება ინფრასტრუქუტურული პროექტები. იქ პარკი გაიხსნა, იქ რაღაც შეკეთდა… შეიძლება ამომრჩეველს „ოცნება“ არ მოსწონდეს, მაგრამ იძახდნენ, რომ რაღაც კეთდება და ამის გამო კალაძე მოწონებადი ფიგურაა.

ანუ საქმეს ხედავენ და ეს არის მისი რეიტინგის განმსაზღვრელი?

– დიახ. შეიძლება წარსულის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობდა. არის ფაქტორები, რაც განაპირობებს მის შედარებით მაღალ რეიტინგს. თუნდაც იგივე ივანიშვილთან შედარებით. ივანიშვილი საქმის გამკეთებლად არ აღიქმება. დაჰპირდა საზოგადოებას, მაგრამ საქმეს არ აკეთებს. კი, დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, მაგრამ ეს არ აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მე პირადად კალაძესთან ბევრი კითხვები მაქვს. როდესაც ის აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 9 წელს ასე მწვავედ, ისიც ხომ გვახსოვს, რომ დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში ის მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. მათ შორის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგაც. გვახსოვს, როდესაც სააკაშვილის მხარდამჭერებში იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მის ტელეპრეზენტაციაშიც იღებდა მონაწილეობას.

წყარო: ipress.ge