107 წლის ნინა ქოჩქიანი – ქალი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ასაკით ატარებს

ის მეფის რუსეთის დროს პატარა იყო, როცა საქართველო გუბერნია გახდა. მერე საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას მოესწრო, შემდეგ – გასაბჭოებას, მერე ისევ თავისუფალ საქართველოს.

 

ახალგაზრდა იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ამბობს, რომ სკოლაში იმ დროს, პედაგოგი არ იყო და ბავშვებს ის ასწავლიდა.

„გერმანია-საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენს სოფლის სკოლაში მასწავლებელი არ იყო. ამიტომ, გაკვეთილებს მე ვატარებდი.“ – ამბობს ნინა ქოჩქიანი.

 

დიდი და ძლიერი ოჯახი ჰყავდა. მეუღლესთან ერთად სამ შვილს ზრდიდა. მათგან ერთი ჯარში მსახურობის დროს დაეღუპა, მეორე – თბილისში თრომბით.

ახლა, მისი შთამომავლები ერთადერთი საფიქრალია.

„ჩემი გარდაცვლილი შვილის ოჯახი, ერთადერთი საფიქრალია, მაგრამ რა შემიძლია? პენსია წამლებშიც არ მყოფნის“.

2008 წლამდე ქოჩქიანების ოჯახმა სვანეთში, კოდორის ხეობაში იცხოვრა. მერე აგვისტოს ომმა მხცოვანი ქალი თავისი ოჯახით დევნილობაში გაუშვა. მავთულხლართებით გადაღობილ ხეობაში ქოჩქიანების სახლი ახლაც დგას. ნინა ბებოს იქ დაბრუნების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ არ იცის, როდის და როგორ დაბრუნდება.

„დაბრუნება? ეჰჰ, დაბრუნება. ძალიან მინდა, მაგრამ ვინ დამაბრუნებს?

 

კითხვამ, რამდენი შვილიშვილი და შვილთაშვილი ჰყავს დააბნია, იმდენი, სათვალავიც კი ამერიაო, თქვა.

 

ამბობს, რომ მისი მრავალწლიანი სიცოცხლის საიდუმლო ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერია, რომელიც სოფელში არ აკლდა. რამდენიმე წელია, რაც ჯანმრთელობა შეერყა, თუმცა შვილთაშვილს ბებია იავნანას ისევ უმღერის, ისევ სვანურად საუბრობს და თავის სახლში დაბრუნების იმედს, სხვა დევნილებივით, ისიც არ კარგავს.

 

„ჩემს სოფელში ისეთი ჰაერი და პროდუქტი მოდის, ესაა სიცოცხლის საიდუმლო. თუ დავბრუნდებით, იქ ჩემზე მხცოვნებიც იქნებიან. ჩემი შთამომავლები მაინც დაბრუნდნენ, რამდენი არიან აღარც ვიცი, მაგრამ დავთვლი, ვის რამდენი შვილი ჰყავს…“ – ამბობს ნინა ქოჩქიანი.

“პრაიმთაიმი”