2020 წლის 6 თვეში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში.
სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა 13 კომპანიას, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა.
ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხარისხის მუდმივი კონტროლია. შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად, 2020 წლის დასაწყისში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება, რაც განსაზღვრავს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.
“იმედი”