„რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ რეგისტრაციის ვადები არ დაურღვევიათ და ცესკო-ს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს

„რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ ცესკო-ში რეგისტრაციის ვადები არ დაურღვევიათ.

 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მათ ცესკო-ს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით სასამართლოს უკვე მიმართეს.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცესკო-ში ​შეიტანა რეგისტრაციის განაცხადი ვადების დაცვით. 15 ივლისს იყო ბოლო ვადა, ანუ 14 ივლისს ჩვენ განაცხადი უკვე გავგზავნეთ ფოსტით. ცესკო-ს თავმჯდომარემ არ ჩათვალა პროცესი მისაღებად, რომ დაერეგისტირებინა პარტია და უარი გვითხრა რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. უკვე ჩანიშნულია სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე. ეს უკავშირდება მხოლოდ კანონის ინტერპრეტაციას. კანონით აკრძალული არ არის ფოსტით რეგისტრაცია და დოკუმენტაციის გაგზავნა, მაგრამ ეს ცესკო-მ არ ჩათვალა შესაბამისად იმისთვის, რომ დაერეგისტრირებინა პარტია. იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს წესით გადაწყდება, რომ ჩვენი პარტია დარეგისტრირდეს. სხვა შემთხვევაშიც ვაწარმოებთ სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს. ვისთან და როგორ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ძალიან მალე გახდება ცნობილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური პარტიის ლოდერმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „რესპუბლიკურ პარტიას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულებას ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. განკარგულებაში პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზიც არის განმარტებული.

“იმედი”