იტალია კმაყოფილია ევროკავშირის სამიტზე მიღწეული შეთანხმებით, რომლის თანახმად, ჩვენ მივიღებთ 209 მილიარდ ევროს ეკონომიკის აღდგენის ფონდიდან. განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
“ეს ისტორიული მომენტია იტალიისა და ევროპისთვის”, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კონტეს განცხადებით, აღნიშნული თანხა მოხმარდება მეტი ინვესტიციების მოზიდვას, სტრუქტურულ რეფორმებს და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
შეგახსენებთ, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ბრიუსელში მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდისა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის შესახებ.
შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.
კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდი 750 მილიონ ევროს მოიცავს, საიდანაც 390 მლრდ ევრო გაიცემა გრანტების სახით, ხოლო 360 მლრდ ევრო სესხის სახით.
აღსანიშნავია, რომ გრანტების დიდი ნაწილი კორონავირუსისგან განსაკუთრებულად დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკების აღდგენას მოხმარდება. საერთო ბიუჯეტიდან თანხის განაწილება დამოკიდებული იქნება მიმღები ქვეყნის მიერ კანონის უზენაესობისა და ევროპული ფასეულობების დაცვაზე. ამგვარი წინაპირობების დაწესების წინააღმდეგ პოლონეთი და უნგრეთი გამოდიოდნენ.
გარდა ამისა, ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტზე, რომელიც 1.82 ტრილიონი ევროს ოდენობისაა.
წყარო: ghn.ge