საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია მე-12 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ელდრიჯმა მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მისიის წარმატებით შესრულებას გაუსვა ხაზი და დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. ბაგრამის ბაზის ხელმძღვანელმა და კოალიციური ძალების მაღალჩინოსნებმა ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის მედლებით და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებითაც დააჯილდოვეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას დეკემბრიდან აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდება.
“იმედი”