ჩაიკეტება თუ არა, გარდაბანი მეორედ?!

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება.

მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

„ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება. გვინდა, რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება. გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ გუშინ, მედიასთან საუბრისას.

მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დღეს იმსჯელებენ.

“იქნება მსჯელობა ყველაფერ ამაზე საკოორდინაციო საბჭოში. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს – რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება

 

“ინტერპრესნიუსი”