ბილაინი ის კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, დისტანციური მუშაობა პრაქტიკაში დაეტოვებინა და “იმუშავე საიდანაც გინდა” პოლიტიკა დანერგა.
კომპანიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა ძირითადად ვირტუალურ სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს. ასეთ დროს კორპორატიული კულტურის შესანარჩუნებლად, თანამედროვე კორპორაციები არაერთ პრაქტიკას იყენებენ. როგორია ბილაინის გამოცდილება და რა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა შიდა კომუნიკაციამ კომპანიაში, ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, ხატია გიორგობიანი გვიყვება.
დისტანციურად მუშაობის პერიოდში, რა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა კომპანიაში შიდა კომუნიკაციამ?
მოგეხსენებათ, შიდა კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ახალი ამბები და თანამშრომელთა ინფორმირება. შიდა კომუნიკაცია არის კორპორაციული კულტურის მხარდაჭერის და თანამშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, ყოველთვის, იქნება ეს კრიზისული პერიოდი თუ სტაბილური ყოველდღიურობა.
რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ და როგორია თანამშრომლების ჩართულობა?
ჩვენი ძირითადი შიდასაკომუნიკაციო არხი ვორქფლეისია — Workplace by Facebook. ამ პლატფორმას ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ 2018 წლიდან. ყოველთვის მაღალი იყო თანამშრომელთა ჩართულობა, თემებიც, ცხადია, ყოველთვის ცოცხალი, კონკრეტული მომენტისთვის აქტუალური, დროის და სიტუაციის შესაბამისი იყო. დღევანდელ სიტუაციაში კი განსხვავება ის არის, რომ ამ პერიოდში პლატფორმას დამატებითი დატვირთვა დაემატა — ის კორპორაციული ცხოვრებისთვის აუცილებელი, ერთგვარი “თავშეყრის ადგილიც” გახდა — გუნდური მუშაობის, დროის ერთად გატარების, სიახლეების გაზიარების, ერთმანეთის მხარდაჭერის სივრცედ გადაიქცა.
როგორ იქმნება კონტენტი შიდა კომუნიკაციისთვის მარტიდან დღემდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად?
არაჩვეულებრივად არაორდინალური სიტუაცია შეიქმნა – სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ფიზიკური დისტანცირება და, პარალელურად, ამდენადვე აუცილებელი “დისტანციური სიახლოვე”. ჩვენ აუცილებლად უნდა გვეზრუნა კორპორაციული მუხტის გაძლიერებაზე, იმაზე, რომ თანამშრომლებს არა თუ არ დაეკარგათ კომპანიასთან ე.წ. მიკუთვნებულობის განცდა, არამედ ის კიდევ უფრო გამყარებულიყო. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა მთავარი – კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამ, ერთადერთ და მთავარ პრინციპზე აშენდა კრიზისული შიდასაკომუნიკაციო გეგმა, ისევე როგორც კომპანიის ყველა სხვა სამოქმედო გეგმა 2020 წლის თებერვლიდან.
ყველაფერი დაიწყო თებერვლის ბოლოს. საქართველოში კოვიდინინფიცირებულთა პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ჩვენ გავაკეთეთ პირველი საინფორმაციო ბროშურა – როგორ უნდა და არ უნდა მოვიქცეთ, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სად მოიპოვება ყველაზე სანდო ინფორმაცია.
ამ დღიდან შიდა კომუნიკაცია გახდა მკაცრად თანმიმდევრული და რეგულარული, რადგან პირველივე კომუნიკაციის გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით სწორედ იმ ადამიანებს, რომლებზეც დგას კორპორაცია.
კომუნიკაციის ენა კიდევ უფრო რბილი და არაფორმალური გახდა. პირველივე დღეებში ჩვენს ახალ კორპორაციულ რეალობას “შინშრომა” დავარქვით და “შინშრომის სამთავიანი სახელმძღვანელოც” შევქმენით – დღის რეჟიმი, სახლური სამსა ანუ სამუშაო სივრცე და სამუშაო პროცესი.
ჩავატარეთ ფოტო-ვიდეო კონკურსი თემაზე “შინშრომა”, გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ და სიმბოლური საჩუქრებიც მივართვით შინ პერსონალურ წერილებთან ერთად.
ჩვენი პლატფორმა დავუთმეთ “მაინდფულნესის” ტრენინგს და გავააქტიურეთ ონლაინ ტრენინგების საკომუნიკაციო კამპანია.
გავაკეთეთ ტოპ მენეჯერების “ლაივები” სრულიად თავისუფალ თემებზე – მხოლოდ იმაზე, რაც მათი აზრით თანამშრომლებს სტრესთან გამკლავებას გაუადვილებდათ, გაახალისებდათ ან მოტივაციას გაუზრდიდათ.
ყოველკვირეული სახალისო და თან საქმიანი გამოკითხვები ვატარეთ. ეს ერთგვარი პულსზე ხელის ჭერა იყო – ვხვდებოდით სად რა გვიჭირს, გვილხინს, მოგვწონს თუ არა და უკვე ვიცოდით როგორ წარვმართავდით მომდევნო კვირას.
ახლა უკვე შინაურ გადაცემად მოვიხსენიებთ ყოველკვირეულ ლაივ-შოუს “ყავის შესვენება”, რომელიც გაგანია კარანტინში დავიწყეთ, ახლაც წარმატებით ვაგრძელებთ და ალბათ დიდხანს შევინარჩუნებთ. ეს შოუ სხვადასხვა აქტუალურ ან უბრალოდ საინტერესო თემას ეძღვნება, სასაუბროდ კი ვიწვევთ თანამშრომლებს. ამ ე.წ. გადაცემის მთავარი მიზანი თანამშრომლთა უფრო ახლოს ან სხვა კუთხით გაცნობაა.
ასევე შევქმენით პარასკევი საღამოებისა და უქმეების სახლის პირობებში გასართობი აქტივობების ნუსხა. გავაკეთეთ კინოს, სერიალების და წიგნის მოყვარულთა ჯგუფი და ასევე ჯგუფი მშობლებისთვის.
ყოველი ორშაბათი გამამხნევებელი დილა მშვიდობისათი და ახალი გეგმებით იწყებოდა, ხოლო პარასკევი კი კვირის შეჯამებით და ათასი მადლობით სრულდებოდა.
და ეს ყველაფერი, ცხადია, ბიზნეს-სიახლეების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების, სხვადასხვა ფუნქციის ანგარიშების გამოქვეყნების პარალელურად ხდებოდა.
“იმუშავე საიდანაც გინდა” პოლიტიკის პირობებში, რა საშუალებებს მიმართავთ კორპორატიული კულტურისა და საერთო სამუშაო მუხტის შესანარჩუნებლად?
ახლა “შინშრომა” “საიდანაც გინდა შრომად” გარდაიქმნა, თუმცა ეს მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი, ცხადია, არ შეცვლილა, რადგან არ შეცვლილა კორპორაციული კულტურის საფუძველი – ჩვენი ღირებულებები. ჩვენს მთავარ ფასეულობად, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ადამიანი.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე პროდუქტიული არის თავისუფალი და ბედნიერი თანამშრომელი, რომელიც გრძნობს და ხედავს რომ ენდობიან, აფასებენ და ზრუნავენ მასზე. სწორედ ეს იქნება “იმუშავე საიდანაც გინდა”-ს გეზიც და კორპორაციული მუხტის შენარჩუნების გზაც – ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ადამიანებზე და ამჯერად მივცემთ მათ იმას, რაც ახლა სჭირდებათ ყველაზე მეტად – ცოცხალი ურთიერთობის საშუალება. კვლავაც ვრჩებით აქტიურნი ონლაინ სივრცეში და ამასთან ერთად ბევრ სხვადასხვა ფორმატის ოფლაინ ანუ ცოცხალ, არაფორმალურ თუ ფორმალურ შეკრებას და ათასგვარ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ.
“ონ.ჯი”