ესპანეთში, შეზღუდვების შერბილებიდან სამ კვირაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა

ესპანეთში, შეზღუდვების შერბილებიდან სამ კვირაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ Reuters ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

 

კორონავირუსის გავრცელების პიკი ესპანეთში აპრილში იყო, როცა 24 საათში ათასობით ახალი შემთხვევა ჩნდებოდა და ასობით ადამიანი იღუპებოდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა და ესპანელები ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, 201 ახალი კლასტერი გაჩნდა. უმეტესობა კატალონიის ქალაქებში – ბარსელონასა და ლეიდაში. ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილლას განცხადებით, ეს კლასტერები გაჩნდა იქ, სადაც შეზღუდვები შემსუბუქდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, ივნისის ბოლოს, როდესაც ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, ყოველ 100 000 მცხოვრებზე ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა მოდიოდა, თუმცა ახლა ეს რიცხვი 27-მდე გაიზარდა. სულ გასული შაბათ-კვირის განმავლობაში 4 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 264 836-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედი”