გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის.

„აქედან ექვსი თვითონ ქალაქ გარდაბანში, ოთხი არის გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამი სოფელში, იქიდან ოთხი გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალარში. ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალარში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის, მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 4000-ია ამ სოფელში, სამ სოფელში ერთად კი, დაახლოებით 7 000“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა ორი პროცენტი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის.

„ამიტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი, რომელსაც ჩვენ ვეძახით. პირველი გახლავთ თვითონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ანუ ქალაქ გარდაბანში არის უბანი ლელაშხა, სადაც ეკომიგრანტები არიან სვანეთიდან, იქ გვაქვს ხუთი შემთხვევა, ასევე გვაქვს ყარაჯალარში 14, ყარათაკლიაში ოთხი შემთხვევა. ამავე დროს, თბილისში გვაქვს ხუთი შემთხვევა, სადაც ჯერჯერობით ორზე წყაროზე ვერ გავდივართ, ყველაფერი ეს ფრიად საყურადღებოა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღნიშნული სოფლებიდან დაახლოებით 1077 ადამიანია გამოკვლეული და 24 პოზიტიური შემთხვევაა დაფიქსირებული.

„94 ადამიანი არის გადაყვანილი კარანტინში. ცოტა რთულია ურთიერთობა მოსახლეოაბთან და კონტქატირებული ადამიანების კარანტინში გადაყვანა რთულდება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა, ვინ ამას ექვმდებარებოდა, გადაგვეყვანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა მოსახლეობას ჩაუტარდება ინტენსიური თერმოსკრინინგი და გაფართოებული ტესტირება.

„არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების, კერძოდ გაჩიანის დასახლებაში“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

 

“იმედინიუსი”