ელენე ხოშტარია ნოდარ ტურძელაძის შესახებ თავის Facebook გვერდზე წერს:
“ნოდარ ტურძელაძე წინა არჩევნების შემდეგ გავიცანი. გამგებელი იყო მაშინაც. დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და ვუთხარი, რომ ბევრი პრობლემა და საკითხია ვაკეში, რაზეც თანამაშრომლობა მერჩივნა, ვიდრე უბრალოდ ყვირილი. ძალიან ღირსეული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვერაფერს ცუდს მასზე ადამიანურად ვერ ვიტყვი და არც მინდა.
პრობლემა სულ სხვა რამეშია. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის გუნდის წევრებსაც კი პატივს არ სცემს, თავის ინსტრუმენტებად აღიქვამს. და დღეს ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ. ის უკვე იქცა ადამიანური ტრაგედიების წყაროდ, ტყუილა დაპატიმრებული ხალხი და მათი ოჯახები, თავგასული პოლიციის მსხვერპლები, კორუფციის მსხვერპლები, კრიმინალის მსხვერპლები. საფრთხეშია ქვეყნის გეზი, წარმოუდგენელია, რომ ბევრი, ბევრი მსხვერპლის და წვალების შემდეგ რუსეთისკენ ტრიალდება ქვეყანა. ამ პირობებში, ამ მთავრობის მსახურება ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც არ ვიცი თავად ტურძელაძე იაზრებს თუ არა (როგორც ჩანს არა).
ამიტომ ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის “ვაკელობა”, ცნობადობა ან ადამიანური თვისებები. უბრალოდ, სამწუხაროდ, დღეს მან ამ სისტემის მსახურება გადაწყვიტა.
მიუხედავად ბევრი სიმწვავისა, მე და ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები, ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ და ღირსეულად გავიაროთ ეს კამპანია. პოლიტიკურად დამარცხება ადამიანურ განადგურებას არ უნდა ნიშნავდეს. მათ შორის მაგიტომ მინდა მოგება, რომ ამის მაგალითები შევქმნათ.” – წერს ელენე ხოშტარია.