ინგლისის ერთ-ერთი ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები ცნობილი ალბომების გარეკანების ვარსკვლავებად იქცნენ.

 

სიდმარ ლოჯის მზრუნველობის სახლი, რომელიც ინგლისის ქალაქ ედვეარში მდებარეობს, კორონავირუსის პანდემიის გამო 12 მარტის შემდეგ კარანტინში იმყოფება. რობერტ სპეკერმა, რომელიც თავშესაფრის აქტივობების კოორდინატორია, გადაწყვიტა, ბენეფიციარების გასამხნევებლად რაიმე ორიგინალური მოეფიქრებინა.

მან ხანდაზმულებისთვის ფოტოსესიის მოწყობა დააპირა, სადაც ისინი ისეთი ცნობილი მომღერლების ალბომების გარეკანებს გააცოცხლებდნენ, როგორებიც ტეილორ სვიფტი, ბრიუს სპრინგსტინი, ადელი და მადონა არიან.

“ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა და ვფიქრობდი, რომ თავშესაფარში მყოფებს მართლა მოეწონებოდათ”, — ამბობს სპეკერი.

სპეკერის თქმით, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა, რომ მზრუნველობის სახლებში პანდემიის დროსაც კი შეიძლება მხიარულება სუფევდეს, ნაცვლად მოწყენილობისა. მას სურდა ისეთი რამე გაეკეთებინა, რაც ვიღაცას სახეზე ღიმილს მოჰგვრიდა.

“თავდაპირველად, ვიფიქრე, რომელ ალბომს რომელი ბენეფიციარი მოუხდებოდა ან ექნებოდა მასზე გამოსახული მომღერლის მსგავსი შესახედაობა, შემდეგ კი იდეის განხორციელება თავშესაფრის ყველა მცხოვრებს შევთავაზე”, — აცხადებს სპეკერი.

მან ბენეფიციარების თხოვნებიც გაითვალისწინა.

მაგალითად, შეილას, რომელიც 93 წლისაა, სურდა Rag’n’bone-ის ალბომ Human-ზე გამოჩენა, რადგან იგი მომღერალს პირადადაც შეხვედრია. შეილას სურათის გვერდით მისი კუთვნილი Rag’n’bone-ის ხელმოწერილი ალბომია გამოსახული.

სპეკერის თქმით, ბენეფიციარები სიხარულით დათანხმდნენ იდეაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, საბოლოოდ როგორი გამოვიდოდა ეს ყველაფერი.

“ძალიან გაერთნენ”, — ამბობს იგი პროექტში მონაწილე ბენეფიციარების რეაქციებზე, — “მოეწონათ საკუთარი თავის და მათი თავშესაფრის მეგობრების დანახვა ასეთ ამპლუაში და კარგადაც იხალისეს, რისი დანახვაც ჩემთვისაც სასიამოვნო იყო”.

ფოტოპროექტის გამოქვეყნების შემდეგ სპეკერმა GoFundMe-ზე აქცია წამოიწყო, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში არსებული Dementia Friends საზოგადოებისთვის თანხის შეგროვებას ემსახურება. Dementia Friends დემენციით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვისაა შექმნილი, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

სპეკერის და სიდმარ ლოჯის ბენეფიციარების საერთო ფოტონამუშევრები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.

ფოტო: Robert Speker

ფოტო: Robert Speker

ფოტო: Robert Speker

ფოტო: Robert Speker

“ონ.ჯი”