ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განახლდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული სერვისით ისარგებლონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა, 26-ვე ქორწინების სახლში (სივრცეში), ასევე, ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

„ქორწინების მსურველმა წყვილმა საზეიმო ცერემონიალის სერვისის მისაღებად აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ტერიტორიულ სამსახურებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ფილიალი და ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს. შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განცხადებით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2013 წლიდან ქორწინების რეგისტრაციის ახალი სტანდარტები დანერგა, კერძოდ, გაიხსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ქორწინების სახლები (სივრცეები), შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული დიზაინი, ქორწინების რეგისტრატორებისთვის კი ერთნაირი სტანდარტით შეიქმნა დახვეწილი სარიტუალო სამოსი. ძველი ტრადიციის შესაბამისად, საზეიმო ცერემონიის დროს, ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა ე.წ. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“, როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.

„ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტიდან დროებით შეჩერებული იყო, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლებმა/საზოგადოებრივმა ცენტრებმა 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო, მხოლოდ საზეიმო რიტუალის გარეშე“, – განმარტავენ სააგენტოში.

“imedi”