“ყოველთვის მიყვარდა ძაღლები, მაგრამ … საერთოდ აღარ მძინავს, აღარ შემიძლია, თბილისი უკვე ერთ დიდ საძაღლეთად აქციეს!” …

“ალბათ ძალიან არაპოპულარულ თემაზე ვწერ და ძაღლების დამცველები ჩამქოლავენ, მაგრამ მართლა აღარ შემიძლია, უკვე შეუძლებელი გახდა ამ ქალაქში ცხოვრება, ყველა მხრივ და უპატრონო ძაღლები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც მარტო მე ნამდვილად არ მაწუხებს, ჩემ დღეშია უამრავი ადამიანი, უბრალოდ ხმას ვერ იღებს ბევრი. რაღაცას რომ იტყვი, ცხოველების მოძულედ შეგრაცხავენ, მაგრამ ხომ შეიძლება, მეც, ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეს მქონდეს ჩემი ცხოვრებისეული უფლებები, მქონდეს უფლება, რომ ვიცხოვრო? ყოველთვის მიყვარდა ძაღლები, მაგრამ … საერთოდ აღარ მძინავს, აღარ შემიძლია, გაძლებაზე ვარ!”.

გამუდმებით საუბრობენ ექიმები იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სრულფასოვანი ძილი. თუ დამიჯერებთ, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა, სრულფასოვნად კი არა, უბრალოდ – მეძინა. ამ ქალაქში ბოლო დროს ისედაც წარმოუდგენლად რთული გახდა ცხოვრება, ადამიანები საერთოდ აღარ ითვალისწინებენ ერთმანეთს – ყველა თავის სურვილზე ცხოვრობს და როცა მოესურვება, მაშინ ჩართავს მანქანაში მაღალ ხმაზე სიმღერებს (შუა ღამისას), ან იყვირებს მთვრალი, ან გადმოისვრის ბავშვის საფენს აივნიდან პირდაპირ შენს ცხვირწინ, ან სიგარეტს დააფერფლებს შენს სარეცხს… ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი რამ ხდება მუდმივად… მაგრამ ეს ძაღლების თემა უკვე სრულიად გამოვიდა კონტროლიდან.

მხოლოდ ჩემი უბნის ამბავს მოვყვები, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ყველგან ერთი და იგივე
სიტუაციაა. წლების განმავლობაში თანდათან მომრავლდა ძაღლები – ძირითადად, უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ვითომ შინ წაყვანილი და მერე უპატრონოდ გარეთ გაგდებული ცხოველები. ორი შვილი მყავს. ჯერ ერთი, მართლა მეშინია იმის, რომ ეს ჯგროდ მოსიარულე ძაღლები უკბენენ, ბევრი შემთხვევა იყო, რომ გაკრეს კბილი ადამიანებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიჰყავთ და ესეც წაროიდგენელია – ანუ უნდა ეცეს მაინცდამაინც და დაასახიჩროს, რომ რამე ზომები მიიღონ. გარდა კბენისა, ხშირად იციან გამოდევნება და დაყეფება ადამიანესთვის და ბავშვს კი არა, დიდსაც ეშინია. ასევე მოუვლელობის გამო, ამრავლებენ რწყილებს, ტკიპებს და ბევრ მკბენარს. რამდენჯერაც ბავშვი ჩავიდა ეზოში, იმდენჯერ რწყილებისგან დაკბენილი ამოვიდა.

და აი ამ ყველაფერთან ერთად, ყველაზე დიდი პრობლემაა მთელი ღამე და დილა დაუსრულებელი ყეფა. წარმოუდგენელია, რომ დაიძინო ამ ხმაურში. ვნატრობ, ცუდი ამინდი იყოს, წვიმდეს, რომ არც მთვრალებმა იბოდიალონ გარეთ და მით უმეტეს, ძაღლებმა, რომლებისთვისაც სხვა გამონაკლისები არ არსებობს. წამით რომ ჩაგთვლემს, უცებ გაღვიძებს ეს გამალებული ყეფა. ამ სიცხეში ფანჯრებსაც კი ვხურავთ, მაგრამ არ ახშობს ხმაურს. არც მე მძინავს, არც ჩემს შვილებს და არც მეზობლების უდიდეს ნაწილს. მთვარეულივით დავდივარ … ნუთუ არ შეიძლება, მთავრობამ იზრუნოს ამაზე, ააშენოს ერთი დიდი თავშესაფარი და ჰყავდეს იქ.

არ გვაქვს ელემენტარული ძილის უფლება ადამიანებს? არ არის საკმარისი, მთელი დღე რომ საარსებო ფულის შოვნის საშინელ ფერხულში ვართ ჩაბმული, ვშრომობთ, ვცხოვრობთ ისედაც დასტრესილ გარემოში, ნუთუ ძილის უფლებაც არ გვაქვს?”

ლიკა 40 წლის, თბილისის მაცხოვრებელი.

წყარო: mshoblebi.ge