„მელიქიშვილის გამზირი გელოდება, ზურა!“- ვინ დაეხმარება ზურა დოიჯაშვილს?!

„მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა,

უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბავშვობის გზავ“ – საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ზურაბ დოიჯაშვილი მიერ შესრულებული ეს სიმღერა არ მოუსმენია…

 

ის დღემდე პოპულარული სიმღერების ჩამონათვალშია და რთულია წარმოიდგინო, რომ მას ზურასებრი სიყვარულით, მისთვის დამახასიათებელი ოდნავ ხრინწიანი ხმით, კიდევ ვინმე შეასრულებს…. იყო დრო, როდესაც ეს სიმღერა ერთგვარი სავიზიტო ბარათივით იყო თბილისისა და მისი სტუდენტობისთვის, თუმცა დღეს…..

დღეს ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ზურაბ დოიჯაშვილი მელიქიშვილს გამზირს, შორეული ისრაელიდან  მხოლოდ სიზმრებში თუ ხედავს… თბილისს და მელიქიშვილის გამზირს…. სამწუხაროდ ცხოვრება ისეა მოწყობილი, ხშირად  სიკეთის მკეთებელი ადამიანი   სწორედ სიკეთისთვის დასჯილა და არც ზურა იყო გამონაკლისი…

დაეხმარა ადამიანს, სამშობლოდან ოჯახთან ერთად  გადაიხვეწა ახალი ცხოვრების დასაწყებად… აეროპორტში მუშად მუშაობდა და როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ებრაელების სიყვარული მალევე დაიმსახურა თავისი კეთილშობილური ხასიათის დამსახურებით…ზურას ბებია ეროვნებით ებრაელი ქალბატონი გახლდათ და მას და მის ოჯახს ისრაელის მოქალაქეობა მალევე მიანიჭეს, თუმცა საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნეს არსებული კანონის  წყალობით…

დღეს ჩვენი ზურიკო ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში სიკვდილს ებრძვის! უფლის ნებასა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული მისი სოცოცხლე….მძიმე დაავადებასთან მებრძოლს, ერათადერთი სიტყვა ამოსდის გულიდან ,,თბილისი“ და როდესაც ამ სიტყვას მისი მეუღლე ქეთი ვადაჭკორია მეუბნება, ტირის, ისევე როგორც ზურა, რომელსაც თბილისის წარმოთქმისას ცრემლები უსველებს სახეს…

როგორც მოგახსენეთ ზურას საქართველოდან წასვლა, მის მიერ გაღებულ სიკეთესთანაა დაკავშირებული… დარჩა უსახლოდ, უკაროდ, უფულოდ, მაგრამ მომავლის იმედით… სახლი, რომელიც ახლობლის დასახმარებლად ბანკში ჩადო, ბანკმა მალევე გაყიდა, რადგან ვისაც დაეხმარა, მან სესხი ვერ დაფარა  და მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე…

ზურაბ დოიჯაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია ელვის უსწრაფესად  გავრცელდა და ადამიანების ჯგუფმა მალევე დაიწყეს ფიქრი, რით ეშველათ თბილისზე შეყვარებული კაცისთვის და დახმარების ხელი გაეწვდინათ!  2 თვის წინ შედგა პეტიცია, რომელსაც 3000 ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და ქ. თბილისის მერს, კახი კალაძეს მალევე შეუტანეს კაბინეტში…არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის მერი ამ პრობლემას რომ ვერ გადაჭრიდა, იმთავითვე ცნობილი იყო, თუმცა ხელისმომწერები იმედოვნებდნენ, რომ კახი კალაძე რამენაირად მაინც დაეხმარებოდა ზურას და თუნდაც 1 ოთახიან ბინას, სადმე გამოძებნიდა, რათა უკანასკნელ დღეებში მყოფ საყვარელ მომღერალს, თბილისის ჰაერი ჩაესუნთქა და შემდეგ…..

მოკლედ… ამ 2 დღის წინ, პირადად ველაპარაკე  თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსს მანანა  თოქმაჯიშვილს რომელმაც შემდეგი განაცხადა: ვწუხვართ, რომ საყვარელ მომღერალს ბინით ვერ ვუზრუნველვყოფთ, საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა ამის საშუალებას, თუმცა შეგვიძლია  მისი მკურნალობის  ერთჯერადი დაფინანსება და ამას სიამოვნებით გავაკეთებთო! სხვათაშორის მანანა თოქმაჯიშვილი ის გამონაკლისია, ყოველთვის რომ პასუხობს ზარებს!

ახლა მივმართავ ზურას მეგობარ პარლამენტარებს, ბიზნესმენებს და უბრალოდ მათ, ვისთვისაც თუნდაც 5 000 დოლარი ფული არ არის, ვისაც სამშენებლო კომპანიები აქვთ და ვისთვისაც  ზურა მხოლოდ სიმღერა არ იყო და როგორც მეგობარს გვერდიდან არ იცილებდნენ სუფრებსა თუ სხვადასხვა საარჩევნო კამპანიების დროს!

თითომ რომ გარკვეული თანხა გაიღოთ, ეს თქვენს არც ბიზნესს დააზარალებს და არც თქვენი ოჯახის ბიუჯეტს! ადექით და უყიდეთ თქვენს მეგობარს 1 ბინა, ბოლო-ბოლო, ყველა აშენებულ სახლში 2-3 ბინა დაკეტილი გაქვთ, ჰოდა მიდით, რააა? ქენით სიკეთე, სიცოცხლეშივე დაუბრუნეთ თბილისს მასზე  შეყვარებული კაცი  და მიეცით საშუალება, უფალთან თბილისიდან გაემგზავროს, ძნელიააა?

ეეეეჰ…..რა მუხთალია წუთისოფელიი? ვიდრე სჭირდები, იქამდე გეხვევიან გარს, თორემ წაიქცევი და წამოსაყენებლად არავინ დაიხრებაო….

არადა, ზურაბ დოიჯაშვილი ბევრჯერ დახრილა მეგობრის წამოსაყენებლად, ბევრჯერ….

“ალია”