გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეები ხელახლა იკითხებიან. 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კოკო ღიბრაძე კიდევ ერთხელ დაიბარონ. პარალელურად დღეს გახდება ცნობილი მოუწევთ თუ არა ამ მოწმეებს დაკავებულთა ადვოკატების კითხვებზე პასუხების გაცემა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. ბრალდებულების უფლებადამცველებმა ეს მოთხოვნა სასამართლოში შეიტანეს და ახლა პასუხს ელოდებიან.
პარალელურად “კურიერმა” მოიპოვა ერთ-ერთი მოწმის დედის ჩვენება. გიორგი ქათამაძის დედა ყვება, რომ შვილს ბოლოს 18 ივნისის ღამის პირველ საათზე ესაუბრა, მას მერე კი კომუნიკაცია ჰქონდა დილის 10 საათზე. რა დროსაც შვილმა უთხრა, რონ საავადმყოფოში იყო. ამავე ჩვენებაში დედა იხსენებს, რა მოუყვა შვილმა მომხდარი ჩხუბის შესახებ. როგორ ეჭირა ერთ-ერთ თავდამსხმელს ხელში რკინის ხელკეტი, როგორ დაკარგა გონი ქათამაძემ და როგორ ურტყამდნენ წაქცეულს თავში თავდამსხმელები.
“დაახლოებით 01:00 საათამდე დავუკავშირდი, მითხრა, რომ უკვე გამოსულები იყვნენ დაბადების დღიდან და ცოტა შეაგვიანდებოდა. საუბრის ბოლოს მითხრა მიყვარხარო და გამითიშა, დილით 10:00 საათისთვის დამირეკა, მითხრა, რომ დაემართა რაღაც სისულელე, ცხვირი გაიტეხა და იყო საავადმყოფოში.
როდესაც ტელევიზიით გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი, გიორგის ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ დაბადების დღიდან წამოვიდა კოკოსთან, ვახო ახვლედიანთან და კიდევ სამ ბიჭთან ერთად. ელოდებოდნენ ტაქსის. მათთან მივიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც ვერ იცნო. გიორგიმ დაინახა, რომ კოკოს ერთ-ერთმა მათგანმა მოუქნია ხელში არსებული სავარაუდოდ რკინის ხელკეტი. როდესაც გიორგი კოკოსკენ გაიწია, უკნიდან მოხვდა რაღაც, დაეცა და დაკარგა გონი, თუმცა ახსოვს, რომ უცნობი პიროვნებები წაქცეულსაც ურტყამდნენ თავის არეში.
ამის შემდეგ გიორგის თქმით, მათთან მივიდა მეორე მანქანა. გაიქცნენ. კერძოდ, ვახო და კიდევ ორი ბიში, რომელთაგან როგორც შემდეგ გაირკვა, ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. ვინაიდან გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა და ჩაიმალა გზის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში. როგორც გიორგიმ თქვა, მათ უცნობი პიროვნებები ეძახდნენ “მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო“.
შემდეგ, გიორგის გადმოცემით, როდესაც ცოტა სიტუაცია მიწყნარდა, ის გადავიდა იქვე მიტოვებულ შენობასთან და ჩაიმალა. ის იყო მარტო, ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაც მეგობარს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას. მას ასევე დაუკავშირდა ვახო ახვლედიანი. მათ იქვე ნახეს ერთმანეთი და ვიღაცის მანქანით ერთად წამოვიდნენ თბილისში,” – აცხადებს ხათუნა ძოწენიძე ჩვენებაში.
“კურიერი”