რუსეთის პასუხი შავ ზღვაში ამერიკულ პროვოკაციებზე და საფრთხე საქართველოსთვის

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „Sea Breeze 2020″ დაიწყო,  რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.

სურათზე: სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი”.

 

მანევრები ოდესის სიახლოვეს ორიდე დღის წინ დაიწყო. 19 ივლისს კი, შავ ზღვაში ამერიკელი სამხედრო ხომალდი USS Porter შევიდა. როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის წარმომადგენლები აცხადებენ, წვრთნების მიზანი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

„ჩვენი მონაწილეობა ისეთ მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა „სი ბრიზ 2020″ არის რეალური დემონსტრაცია, რომ აშშ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში ჩართულია”, – ასეთი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით უმასპინძლდებიან ამერიკელი სამხედროები ჟურნალისტებს.

ქართული მასმედიაც ამ რელიზს მორჩილად და უტყვად, ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე ავრცელებს.

საზღვაო მანევრებში ჩაერთვება 27 საბრძოლო ხომალდი, 19 თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან, საქართველოდან და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან: აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია.

რამდენად არის საქართველოს ინტერესებისთვის მიზანშეწონილი შავ ზღვაში ასეთი წვრთნების ჩატარება და მსგავს ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობა ? თითქოს, ერთი შეხედვით, საერთაშორისო სამხედრო წვრთნებმა აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრ-სახელმწიფოთა მონაწილეობით უნდა შეასუსტოს რუსეთის დომინირება შავ ზღვაზე, უნდა შეაფერხოს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო-სტრატეგიული პოზიციები მთელ რეგიონში; მაგრამ სინამდვილეში ამის საპირისპირო რამ ხდება.

ჯერ ერთი, მონტრეს 1936 წლის კონვენციის თანახმად, შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემების ყოფნა მკაცრად არის ლიმიტირებული 21 დღით, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ვადებს დიპლომატიური არხებით მკაცრად გააკონტროლებს და მცირეოდენ გადაცდომასაც არ დაუშვებს. შესაბამისად, ამერიკული და სხვა არაშავიზღვისპირა ქვეყნების (ამ შემთხვევაში, საფრანგეთის, ესპანეთის და ნორვეგიის) სამხედრო ხომალდები გავლენ შავი ზღვიდან და ჩვენ ისევ რუსეთის ფლოტის წინაშე აღმოვჩნდებით პირისპირ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ამერიკელების ამგვარი პროვოკაციები საბაბს აძლევს რუსულ სამხედრო უწყებას და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, აწარმოოს შავი ზღვის ფლოტის მუდმივი მოდერნიზაცია და გადაიარაღება, ექსპლუატაციაში შეიყვანოს ახალი ხომალდები.

ასე მაგალითად, ამა წლის დასაწყისში რუსეთმა დაასრულა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ “მოსკოვის” (“Москва”)  რეკონსტრუქცია და გადაიარაღება. “მოსკოვი” ცნობილია “ავიამზიდების მკვლელის” სახელით, მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის დიდი ზომის წყალსზედა  სამხედრო ხომალდებისათვის დარტყმების მიყენება, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდების ჯგუფების გადაზღვევა, შორს მყოფი შენაერთების საჰაერო თავდაცვა და დესანტის საცეცხლე მხარდაჭერა.

“მოსკოვი” 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანებს სირიის ტერიტორიულ წყლებში. ხომალდზე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300Ф, რომელიც ზურგს უმაგრებდა და საშუალებას აძლევდა რუს მფრინავებს, სირიის ცაში უსაფრთხოდ ეფრინათ. სამწუხაროდ, საქართველოს საზღვაო შეიარაღებულ ძალებსაც მოუწიათ “მოსკოვის” ძალის გამოცდა საკუთარ თავზე 2008 წელს, “უმაღლესი მთავარსარდლის”, მიშპოც სააკოვის გადამკიდე. ხომალდმა თავი გამოიჩინა 2014 წელსაც უკრაინული გემების ბლოკადისას დონუზლავში, როდესაც რუსეთმა ყირიმზე კონტროლის დამყარების ოპერაცია განახორციელა.

“მოსკოვის” სავარჯიშო გასროლები ატლანტიკის ოკეანეში, 2015 წელს, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

თუმცა პრობლემას მარტო “მოსკოვი” არ წარმოადგენს ამერიკისთვის და მისი მარიონეტებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 ივლისს სამხრეთისა და დასავლეთის ფედერალური მხარეების ყველა სამხედრო შენაერთის მზადყოფნა მოულოდნელად შეამოწმა. მათ შორის, შემოწმდა 17 საზღვაო პოლიგონი შავ და კასპიის ზღვებზე. მინისტრი შოიგუ შედეგებით კმაყოფილია – შემოწმებამ მოიცვა 150 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, 26820 ერთეული სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი, 106 გემი და დამხმარე ხომალდი. რუსული არმია ასე ემზადება სექტემბერში სტრატეგიული წვრთნებისათვის, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში ჩატარდება. რა თქმა უნდა, ნატოს რამდენიმე გემი, რომელიც შავ ზღვაში პროვოკაციას ეწევა, რუსეთს ვერ შეაშინებს და მხოლოდ გააღიზიანებს. საინტერესოა, ვის მიაჩნია ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესად?

გარდა ამისა, ამერიკას და ნატოს პასუხი პირადად პრეზიდენტმა პუტინმა გასცა – მან ყირიმულ ქერჩში ერთდროულად 6 ახალი შორი საზღვაო მოქმედების სამხედრო გემის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საზეიმო ცერემონიალი რუსულმა მასმედიამ ფართოდ გააშუქა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა რუსულ ვერფებში ასაშენებელი ახალი თაობის ორი სადესანტო ხომალდი, ორი ფრეგატი და ორი ატომური წყალქვეშა კრეისერი ახსენა და დამსწრე საზოგადოებას ამ ხომალდებზე მუშაობის წარმატებით დასრულებაში დარწმუნებულობა გამოხატა.

როგორც ვხედავთ, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით არ სუსტდება და გამოწვევებს ასიმეტრიული ძალებით უპირისპირდება. ეს პირდაპირი საფრთხეა საქართველოსათვის, თუკი გაგრძელდება  ნატოსთან და დასავლეთის სამხედროებთან ანტირუსული თანამშრომლობის ასეთი უპასუხისმგებლო კურსი.