აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსული გაზსადენის ორი პროექტის, Nord Stream 2-ის და “თურქული დინების” საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს.
მედიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის სასარგებლოდ ხმა 295 კონგრესმენმა მისცა, წინააღმდეგი კი 125 იყო.
ახალი სანქციების ამოქმედებისთვის პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება.
დოკუმენტი ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის სანქცირებას გულისხმობს, რომლებიც მილსადენის გაყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე იმ სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც მშენებლობაში მონაწილე გემებს დააზღვევენ.
რუსეთს Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის დასრულება სურს, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტი ორი, 1 230 კილომეტრი სიგრძის, პარალელური ხაზის მშენებლობას მოიცავს.
წყარო: bpn.ge