რა ზიანს მიაყენებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას!?

რა ზიანს მიაყენებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას და რა გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა ტერიტორია, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

მრავალჯერ დაღვრილი სისხლისა და 4-წლიანი მყიფე ზავის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს, გვიან ღამით განახლდა, რომლის მიზეზი სასაზღვრო ზონაში მომხდარი ინციდენტის შედეგია. თუმცა, ვინ გახსნა პირველი ცეცხლი ჯერ-ჯერობით უცნობია.

აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული კონფლქიტის ახალ კერას საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრი აშორებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდა. კერძოდ, შეიარაღებული კონფლიქტის კერა აზერბაიჯანის თოვუზის რაიონისა და სომხეთის ტავუშის ოლქის საზღვარზე მდებარეობს.

იმ ადგილას, სადაც ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გადის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურები: ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-ერზრუმის მილსადენი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია, რომელიც, ეკონომიკურ ეფექტთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია; სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული გაზი წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს, სწორედ ამის გამო მას ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ამ გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ „გაზპრომზე“.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთან პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. ამასთანავე, ახალი რკინიგზის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზიიდან ევროპაში რკინიგზის მეშვეობით როგორც მოსახლეობის, ისე ტვირთების გადატანა. გამომდინარე აქედან ამ პროექტს რამდენიმე ქვეყნის ჩინოვნიკმა „რკინის აბრეშუმის“ გზა უწოდა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი

წყარო: palitravideo.ge