აგებს თუ არა პასუხს ადამიანი თავისი მშობლებისა და წინაპრების ცოდვებზე

გადადის თუ არა ცოდვები მემკვიდრეობით თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ აზრებსა და ქმედებებზეა პასუხისმგებელი შემოქმედთან?
როგორ განმარტავს მართლმადიდებლობა ამ საკითხს და რატომ უნდა მოჭრას კბილი შვილიშვილს ბაბუის, თუნდაც, ადამის, ნაჭამმა ტყემალმა. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– მე, როგორც თავისუფალი პიროვნება, ვაგებ პასუხს ჩემი მშობლების, წინაპრების ცოდვებზე?
– ეს ძალიან რთული საკითხია და მას ბევრი დავაც უკავშირდება, პირველქმნილი ცოდვისადმი არსებობს  აღმოსავლური, ანუ ჩვენი, მართლმადიდებლური და დასავლური დამოკიდებულება. თავად ტერმინი „პირველყოფილი ცოდვა“ ნეტარი ავგუსტინედან მოდის, რაც ნიშნავს, რომ ეს ცოდვა არის ჰიპოსტასური. ადამმა რომ შესცოდა, არსობრივად, ყველას, ვინც ადამში ჩანასახოვან ფორმაში ვიყავით, პიროვნულ ასპექტში გადმოგვეცა ეს ცოდვა. მაგრამ მართლმადიდებლური მოძღვრება ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ადამის პირველი ცოდვის თანამონაწილენი. ადამმა რომ ნებელობით სცოდა, ის გადმოდის არა ჩვენს ნებაში, არამედ ადამიანის ბუნებაში და შედეგად მივიღეთ დამძიმებული ყოფა, უძლური სხეული. თუმცა ასეთად ვიბადები არა ჩემი პიროვნული ცოდვის გამო, მე ისევ მაქვს არჩევანი. ადამი დაეცა ამპარტავნებით, ანუ ღმერთობით დათვრა და მინუსი ის არის, რომ ამის გამო მისგან გადმოგვეცა ხრწნილება, დაუძლურებული სხეული, მაგრამ დადებითია ის, რომ, როდესაც ვუყურებთ ჩვენს უძლურ, მიწიერ ბუნებას, მოკვდავ სხეულს, ეს გვიცავს ღმერთად გახდომის ამპარტავნებისგან. პავლე მოციქული საინტერესოდ ამბობს: ჩვენ ღვთის საგანძური, ღმრთის ხატობა, თიხის ჭურჭლებში დაგვაქვს, რათა აღმატებული დიდება ღმერთს ჰქონდეს და არა ჩვენო. ანუ, როდესაც შენ ასეთი აღმატებული არსება ხარ, მაგრამ ცხოვრობ უძლურ სხეულში, ეს წყალს გისხამს იმ ცეცხლზე, რომ შენ ხარ ღმერთი, მაგრამ არც მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდე, რომ არაფერი ვარ, მხოლოდ ფეხის მტვერი: თავის უარყოფა და მკრეხელობაა, როდესაც უარს ამბობ ღვთის ხატობაზე. ადამიანი გაწონასწორდა ადამის ამ დაცემული ბუნების გადმოცემით, თუმცა ტკივილსაც გრძნობს ამის გამო: ავადობს, ბერდება, იხრწნება. ოღონდ ადამი სამოთხის დატოვების პირველივე დღიდანვე სამოთხეში დაბრუნების იმედით ცხოვრობდა. რით გადაფარა მან სიშიშვლე? ტყავით! და ვისი ტყავია ეს?! მესიის, ქრისტესი, ღვთის კრავის, რომელიც იკვლება. ანუ ადამიანი ცხოვრობს ხრწნილებაში, მაგრამ, ქრისტეს რწმენით, სამოთხეში დაბრუნების იმედით. და, თუ ჩაგვითრევს ჩვენი ცოდვილი ბუნება და ცოდვისკენ გვიბიძგებს, ნებას შეუძლია ამის გამოსყიდვა და გაწონასწორება.
– რატომ ცდის ღმერთი ადამიანს?
– დიახ, ამბობენ, რა საჭირო იყო ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხე სამოთხეში, ის რომ არ ყოფილიყო, ადამიანიც არ შესცოდავდაო, მაგრამ მაშინ რა გამოვიდოდა? ადამი იქნებოდა იძულებით კეთილი. ქურდს რომ ყველგან კამერა დაუყენო და გვერდით პატრული ამოუყენო, ანუ არ მისცე მოპარვის საშუალება, მოიპარავს? ვერა, მაგრამ ასეთები არიან რობოტები, გალაქტიკები, ცხოველები, რომლებიც ღვთის კანონებს ბრმად ემორჩლებიან, მაგრამ ღვთის ხატობა ნიშნავს ღმერთივით უბატონო მდგომარეობას. ამიტომაც ითქვა, ღმერთმა გარისკა ადამიანის შექმნით, მან თავისუფალი ნება, ღვთიურობა, რაკი უბატონო ღმერთია, შეიძლება, გამოიყენოს ღმერთის წინააღმდეგაც. ცოდვა ბერძნულად ნიშნავს „ამარტეას“ და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „აცდენას“. ესე იგი, ცოდვილის მდგომარეობა ნიშნავს მისწრაფვას სისრულისკენ, რადგან არ დაგვასრულა უფალმა და მისი მსგავსებაა ჩემი პასუხი ამაზე. სრულყოფილი რომ შევექმენი, მაშინ მზესავით ვიქნებოდი. მზეს არ აქვს არჩევანი, იყოს მზე, ამიტომ ის არც კეთილია, არც ბოროტი, მიუხედავად თავისი სურვილისა, უნდა გაანათოს. ვერ იტყვის, ადამიანები მაინც არ მაფასებენ და, მოდი, შუქს დავაკლებ ან სითბოს, ან საერთოდაც არ გავანათებო. ადამიანს კი შეუძლია, მოგცეს ან არ მოგცეს შუქი. ამდენად, ადამიანის არასრულყოფილად შექმნა, ერთი მხრივ, არის, უზარმაზარი შანსი, რომ არასრულყოფილება სრულყოფილებით ამოავსოს და შექმნას თავისი თავი, როგორც ღმერთი და შედგეს, როგორც თავისუფალი არსება. ეს სივრცე ღმერთმა ადამიანს იმიტომ დაუტოვა, რომ იძულებით თავისუფალი და სრულყოფილი არ ყოფილიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, არის საშიშროება, რომ ადამიანმა ღმერთის მიერ დატოვებული სივრცე ამოავსოს უმსგავსობით. ამიტომაცაა ადამიანად ყოფნა უზარმაზარი შესაძლებლობაც და რისკი და პასუხისმგებლობაც. ჩვენ ქმნადობის პროცესის მონაწილენიც ვართ და თავადაც ვიქმნებით. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე: ჩვენ მამისგან და დედისგან გადმოგვეცემა უძლური სხეული, ხრწნილება, მეც ვამჩნევ ჩემში მამაჩემის თვისებებს, რომლებიც არ მინდა, მქონდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ღმერთად ქცევის ბანგისგან მიცავს ეს უძლურება და რით ამოვავსებ ამ უძლურებას? უფალს ვთხოვ შეწევნას, იმიტომ რომ სხეულის უძლურება აქრობს ჩემს ამბიციას და აღძრავს პირველწყაროსგან ენერგიის მიღების საჭიროებას.
– გამოდის, ადამიანობა უფრო რთულია, ვიდრე ღმერთობა?
– ჩვენი ღმერთი ვინ არის? ვინც ჩვენი დაცემული სხეული ჩაიცვა. ღვთისმშობლისგან შეიძინა, თუმცა განწმენდილი, მაგრამ მაინც ცოდვილი ბუნების სხეული. ამ სხეულში აღასრულა ხსნა და ამიტომ ჩვენი ღმერთი არის ადამიანური ბუნების, აქედან ამაღლდა და მოგვცა მადლი, შესაძლებლობა, რომ ჩვენც გავბედოთ, მოკვდავ სხეულზე ავმაღლდეთ და ვიაროთ მარადისობისკენ არა ავტომატურად, არამედ იმ შესაძლებლობით, რაც აქამდე არც გქონდა, ანუ ჩვენ შეგვიძლია განღმრთობა. მართლმადიდებლობით, ადამიანი იმიტომ კი არ დაიბადა, რომ კეთილად და კარგად მოიქცეს, კარგად გაწრთვნილი მაიმუნიც მოიქცევა, არამედ ადამიანი შესაძლებლობითაა ღმერთი და სწორედ ამ გზის გასავლელად მოგვეცა დრო. ამის სრული შესაძლებლობა გვაქვს: ჯერ ერთი, რომ ღვთის ხატად ვართ შექმნილები და ცოდვილმა ბუნებამ რაკი შეგვიშალა ხელი, ქრისტეში ვიღებთ სულს ნათლობით, რომ მემკვიდრეობით გადმოცემულ დაცემულ ბუნებაზე ავმაღლდეთ და განღმრთობას მივაღწიოთ. ოღონდ ადამიანზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ამ შესაძლებლობას.
“თბილისელები”