ამირან გამყრელიძე: ყარაჯალაში, მოსახლეობას არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის ტესტირებაზე, მოსახლეობის დამყოლობა დაბალია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობას კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერა. „ძირითადი მიზეზი მათი წინააღმდეგობის ისაა, რომ არ სჯერათ, რომ ასეთი ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. მათ არ სჯერათ, რომ კორონავრუსული ინფექცია არსებობს. გარკვეული შიშის მიზეზი ისაა, რომ დაკარგავენ სამსახურს ან იმ ყოველდღიურ სამუშაოს შემოსავალს. ჩვენი სამედიცინო პერსონალი ცდილობს მათ დარწმუნებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყარაჯალაში კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავდნენ, მაგრამ ტესტირებაზე მოსახლეობის დაბალი დამყოლობის გამო ეს აუცილებელი გახდა. „სამი დღეა მოვახდინეთ მობილიზება სოფელ ყარაჯალაში, რომელიც გაჩიანის დასახლებაში ყველაზე დიდი სოფელია. გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება და დღეს მიღებული იქნა რადიკალური ზომა. დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალა და იქ მოსახლეობა კარანტინშიაშეაბამისად იქ მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში, სადაც დამყოლობა უკეთესია, მიმდინარეობს ტესტირება.

ამ დროისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 46 ადამიანს აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედი”