„არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულ? – არასერიოზულია!“, – ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე.
პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება.
რაც შეეხება 23 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება, გიორგი გახარიას თქმით, გამოძიებაზე თქვა ის, რასაც მანამდე ამბობდა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება.
„ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ეპიდემიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველაფერი ერთად დაემთხვა. ეს ყველაფერი გასაგრძელებელია. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საკანონმდებლო გეგმებიც გვაქვს, ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ“, – აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, აქტიური კომუნიკაციაა საჭირო მაშინ, როდესაც ქვეყანა მძაფრ პოლიტიკურ პროცესშია. „როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას, იყენებს პოლიტიკური პროცესისთვის. ვთქვი, რომ ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. ეს ვუთხარი მე და გამოსწორდება. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია“, – განაცხადა გახარიამ.
“იმედინიუსი”