მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის ღვთისმშობლის მთავარი ტაძრის სარეაბილიტაციო პროცესის შესახებ, საჭიროდ მივიჩნევთ, როგორც სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელმა ორგანიზაციამ, გარკვეული სახის განმარტებები გავაკეთოთ და მოგაწოდოთ არატირაჟირებული ინფორმაცია, – ამის შესახებ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
განცხადებაში საუბარია გელათის ტაძრის გადარჩენისთვის განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომელიც მოიცავდა გადაუდებელი არქიტექტურული დაზიანებების აღმოფხვრა და ფრესკების კონსოლიდაცია, მთავარი ტაძრის გუმბათის ფრესკების კვლევასა და გადაუდებელ კონსერვაციას, ასევე მთავარი ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს.
„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ჯერ კიდევ 2004 წლიდან აქტიურად ჩაერთო გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის გადარჩენისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში და აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თანადგომით განახორციელა პროექტი «გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ნართექსისა და ეგვტერების ფრესკების (XII-XVIII სს.) დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა”.
2008 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ნომინაციით გელათის მონასტერი და აკადემია შევიდა მსოფლიო მონუმენტების ფონდის (აშშ) 100 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სიაში.
2012-2013 წლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივითა და აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი «გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის ფრესკების კონსერვაცია», რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაუდებელი არქიტექტურული დაზიანებების აღმოფხვრა და ფრესკების კონსოლიდაცია.
2014-2015 წლებში ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მთავარი ტაძრის გუმბათის ფრესკების კვლევა და გადაუდებელი კონსერვაცია. ლაბორატორიულად შემოწმდა ფერწერის სტრუქტურა, გამოვლინდა დაზიანებები და მისი მიზეზები.
2013 წელსვე დაიწყო გელათის მთავარი ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დაფინანსდა ამერიკის საელჩოს დიდი გრანტების პროგრამის ფარგლებში და 2018 წლამდე ეტაპობრივად განხორციელდა როგორც გადახურვის, ისე ქვის სტრუქტურის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებმაც მოიცვა: გუმბათის და მკლავების გადახურვა, საფასადე და კარნიზის ქვის სრული რესტავრაცია“, -აღნიშნულია განცხადებაში.
განმარტებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2018-2019 წლებში გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეგვტერების გადახურვის, ცოკოლების და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციის პროექტით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა, ფაქტობრივად დასრულდა ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია.
„აღნიშნული ქმედებების უმთავრეს ნაწილს შეადგენდა გადახურვის სერიოზული დაზიანებების აღმოფხვრა.
რესტავრაციამდე არსებული გადახურვა, რომელიც 1976-1977 -იანი წლების რესტავრაციის დროს მოეწყო, თუნუქით იყო გადაწყვეტილი. ფურცლოვანი თუნუქი ხის ნივნივებიან გადახურვაზე იყო მოწყობილი და ამორტიზების გამო სრულფასოვნად ვერ იცავდა ინტერიერს ატმოსფერული ნალექებისაგან, რაც ფრესკების დაზიანების დიდ საფრთხეს ქმნიდა. გარდა ამისა თუნუქის ვიბრირება, განსაკუთრებით ქარიან ამინდში, რაც საკმაოდ ხშირია გელათის ტერიტორიაზე, იწვევდა მის გამუდმებულ კონტაქტს კარნიზის ქვებთან და მნიშვნელოვნად აზიანებდა მათ, რაც ნათლად აისახებოდა კარნიზების არსებულ მძიმე მდგომარეობაში – კარნიზის კვადრების უმეტესობა ძლიერად იყო დაზიანებული და ფაქტიურად ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციას, გარდა ამისა, სახურავის გუმბათიდან ძლიერი გადმოშვერა სრულებით არ შეესაბამებოდა ეკლესიის პროპორციებს და არღვევდა მის მხატვრულ იერსახეს.
ტაძრის გარშემო არქეოლოგიურმა გათხრებმა, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციულმა კვლევებმა სპეციალისტები დაარწმუნა რომ თავდაპირველად გელათის ღვთისმშობლის ტაძარი გადახურული უნდა ყოფილიყო მოჭიქული ფერადოვანი კრამიტით და გადაწყდა ლითონის გადახურვის ჩანაცვლება ავთენტური მოჭიქული კრამიტით.
აღმოჩენილი ფრაგმენტების ანალიზის შედეგად და ასევე, იმავე პერიოდის სხვა ქართული ტაძრების გადახურვაში გამოყენებული კრამიტის კვლევაზე დაყრდნობით (ოშკი, ხახული, დოლისყანა) შემუშავდა რესტავრაციის დროს გამოსაყენებელი კრამიტის რამდენიმე ტიპი, ასევე, მათი მოჭიქვის და გამოწვის ტექნოლოგია. კომპიუტერული მოდელირებით შეიქმნა გადახურვის მაკეტი, რამაც ტაძრისა და კრამიტის გადახურვის პრაქტიკული და ესთეტური შესაბამისობა გამოავლინა, განსაზღვრა პარამეტრები. მომზადდა ექსპერიმენტული ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიულად შემოწმდა წყალშეღწევადობაზე, ყინვაგამძლეობაზე და მრღვევ დატვირთვაზე, კვლევებმა დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა. სწორედ, ეს ლაბორატორიულად შემოწმებული, ჩაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტი გამოიყენებოდა 2013-2017 წლებში მთავარი ტაძრის გადახურვისთვის, 2018 წლიდან კი სატენდერო პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მოკლე ვადის გამო, წარმადობის გაზრდის მიზნით შეიცვალა კრამიტების მომწოდებელი კომპანია, ხოლო ჩაწნეხვის მეთოდი ჩანაცვლდა ჩამოსხმით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განმარტებაში აღნიშნულია, რომ ახალი მწარმოებლის მიერ, ახალი მეთოდით შესრულებულმა კრამიტის ნიმუშებმა თავდაპირველი ექსპერიმენტული ნიმუშების მსგავსად ანალოგიურ ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებზე იგივე ლაბორატორიაში გაიარა ტესტირება, მხოლოდ დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების და დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმების შემდეგ ჩაეშვა ექსპლუატაციაში.
„მიუხედავად ამისა, სამუშაოების განხორციელების ბოლო ეტაპზე შესრულებული კერამიკული კრამიტის ნაწილმა ვერ გაუძლო ზამთარს და დასკდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ დაზიანდა ლაბორატორიულად ტესტირებული კერამიკული მასალის მხოლოდ ნაწილი და შესაძლებელი იყო თუ არა რისკების წინასწარ გათვლა? ვისაც კერამიკული მასალის წარმოებასთან ჰქონია შეხება, მათთვის ცნობილია რომ მოჭიქული პროდუქციის წარმოება რთული და ეტაპობრივი პროცესია, საჭიროებს რამდენიმეჯერ გამოწვას საგანგებო ტემპერატურაზე და ტექნოლოგიური ციკლის ზედმიწევნით დაცვას. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოებიდან უშუალოდ ეგვტერების გადახურვის მოწყობამდე თითოეული კრამიტი მომწყობი ოსტატების და საიტმენეჯერის მიერ გადიოდა ვიზუალურ დათვალიერებას და ფიზიკური ნაკლის ან ფერის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კვალიფიცირდებოდა როგორც წუნდებული და უბრუნდებოდა მომწოდებელ კომპანიას. გარდა ამისა, ვინაიდან ეს უკანასკნელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, პროცესი ყოველდღიურად კონტროლდებოდა დამოუკიდებელი საინჟინრო-საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლის მიერ. თუმცა, ვინაიდან დაგებული კრამიტებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა ვიზუალური ხარვეზი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიღებული შედეგის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, ვკითხულობთ, რომ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სრულად იზიარებს საზოგადოების პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს რომ არ გაურბის პასუხისმგებლობის არც ფინანსურ და არც მორალურ ასპექტებს დეფექტების გამოვლენის პერიოდიდან.
„2020 წლის თებერვალში, გადახურვებზე თოვლის დნობასთან ერთად თავი იჩინა კრამიტის დეფექტიანობამ. აქვე აღვნიშნავთ, რომ კრამიტის ქვეშ მოწყობილმა მძლავრმა ჰიდროსაიზოლაციო ფენამ თავისი დადებითი როლი შეასრულა, რათა წყლის ინფილტრაცია ყოფილიყო მინიმალური. ხაზი უნდა გაესვას, რომ ტელევიზიით გაჟღერებული ვერსია თითქოს და გადახურვის დაზიანების გამო მოზაიკის უნიკალურ ნიმუშს ემუქრება განადგურების საფრთხე და ე.წ სმალტა ცვივა, არ შეესაბამება სიმართლეს, პირველ რიგში იმიტომ, რომ დაზიანებული გადახურვა მოზაიკის მოპირდაპირე მხარეს დასავლეთით მდებარეობს“, – აღნიშნულია განმარტებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით მუშავდება ხარვეზების გამოსწორების გეგმა-პროექტი, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშია, ძეგლზე განხორციელებული თითოეული ქმედება შესაბამის უწყებებთან მხოლოდ კოორდინირებული მუშაობის შემდეგ ხორციელდება. თითოეული გადაწყვეტილების მიღებაზე დარგის საუკეთესო ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს (არქიტექტორები, რესტავრატორები, კონსტრუქტორები, გეოლოგები, ჰიდროლოგები და ლანდშაფტის სპეციალისტები), ხოლო შემსრულებლები უნიჭიერესი რესტავრატორები არიან, რომლებსაც უკვე მრავალი წელია ჩვენი სახელმწიფო არამარტო გელათის, არამედ სხვა უნმიშვნელოვანესი ძეგლების გადარჩენას ანდობს. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან ერთად ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნების პროცესში 25 წლის მანძილზე გარდა გელათისა, მათ შესრულებული აქვთ ყინწვისის, მარტვილის, ნიქოზის, იკვის და სხვა ძეგლების გადაუდებელი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა შორის განსაკუთრებულია 2006 წელს ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის` პროექტისათვის ხელოვნების საერთაშორისო ცეტრის და “Conservazione Beni Culturali” (რომი, იტალია) ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ` Europa Nostra`-ს უმაღლესი პრიზის მინიჭების ფაქტი. სწორედ ამიტომ, მათი არაკომპეტენტურად და არაპროფესიონალებად მოხსენიება მინიმუმ უსამართლობად მიგვაჩნია.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას არსებული ხარვეზების დროული გამოსწორებისათვის, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს პროექტის ავტორებთან, დონორებთან, საზედამხედველო ინსტიტუციებთან და შემსრულებლებთან ერთად, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, 2020 წლის მარტიდან დეფექტების გამოსწორების ზუსტი პროექტის შემუშავება, რომლის დასრულების შემდგომაც გადახურვის დაზიანებული ნაწილები გამოიცვლება და არსებული ხარვეზები სრულად აღმოიფხვრება.
მეგობრებსა და კოლეგებს კი გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზირებთ საკითხს, რომელსაც არანაირი გადაკვეთა პოლიტიკასთან მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე არ ჰქონია“, – აღნიშნულია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად იქნება გამოსწორებული.
წყარო: imedinews.ge