მძიმე პაციენტების რაოდენობამ იმატა – მარინა ენდელაძე

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად იმატა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად იმატა პაციენტების რაოდენობამ, იმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამაც. გვყავს რამდენიმე მძიმე, საყურადღებო, ჟანგბადზე დამოკიდებული და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები. ასევე გვყავს მსუბუქი პაციენტებიც. არიან ბავშებიც, რომელთა ზოგადი მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1085 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის განკურნებულია 911. ვირუსმა სულ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, განკურნებულებისას გადააჭარბა, რასაც ბოლო მონაცემებიც ადასტურებს.

23 ივლისს კორონავირუსი 12 ადამიანს დაუდგინდა, მათგან ხუთი შემთხვევა, ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი – გაჩიანის კლასტერიდან, ორი – იმპორტირებული, სამი პაციენტის შემთხვევაში კი, ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

 

“იმედინიუსი”