თენგიზ ცერცვაძე – ზაფხულში ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქია, მაგრამ …

ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე პაციენტების რაოდენობამ შედარებით იკლო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორის განცხადებით, ეს ექიმებს სიმშვიდის საფუძველს არ აძლევს და საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა.

„ამ დაავადებას მრავალ ვერაგობასთან ერთად ახასიათებს ერთი გამოკვეთილი თვისება. გრიპისა და სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, ის ხშირად იწყება მსუბუქად ან უსიმპტომოდ და შემდეგ სწრაფად მძიმდება. შეიძლება, გახდეს მძიმე, კრიტიკული, მართვით სუნთქვაზე გადასაყვანი და შეიძლება, ლეტალურად დამთავრდეს სულ ერთ-ორ დღეში. ასეთი შემთხვევა უკვე ძალიან ბევრი დაგროვდა უცხოეთში, ასეთი შემთხვევები აქაც გვაქვს. ზედმეტ სიმშვიდეს ვამჩნევ ხალხს, ზაფხულში ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქია, მაგრამ ეს არანაირად გამორიცხავს, რომ ცალკეული შემთხვევები დამძიმდეს და გახდეს კრიტიკულად მძიმე, რაზეც მიუთითებს ისიც, რომ მცხეთაში ოთხი პაციენტი დამძიმდა და მათგან ერთი გარდაიცვალა. გვახსოვდეს მუდმივად, ყველა მსუბუქი პაციენტი პოტენციურად რისკის მატარებელი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: imedinews.ge