ესპანეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დადგა

ესპანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დადგა.

23 ივლისს ესპანეთში კორონავირუსის 971 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ივნისში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა.

ესპანეთის ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მარია ხოსე სიერამ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდა.

„შესაძლოა, მეორე ტალღა უკვე დადგა. თუმცა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია განვაგრძოთ იმის მონიტორინგი, თუ რა ხდება, რა ზომების მიღებაა საჭირო და ამგვარი ზომები დროულად მივიღოთ“ – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: Imedinews.ge