მეცნიერები, რომლებმაც სახელი პოლიტიკასა და პოპ-კულტურაში გაითქვეს

პროფესიის არჩევა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ. უნივერსიტეტში გატარებული რამდენიმე წელი ხშირად ადამიანების დარჩენილ ცხოვრებას განაპირობებს.

 

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა. ისეთებიც მრავლად არიან, ვინც რაღაც პროფესიას ირჩევს და მისთვის ემზადება კიდეც, მაგრამ მოგვიანებით სხვა გატაცებას ან მოწოდებას პოულობს, რომელიც მისთვის უფრო მიმზიდველი ან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

ამ სტატიაში იმ 5 ცნობილ ადამიანზე მოგიყვებით, რომლებიც ჯერ მეცნიერები იყვნენ, შემდგომ კი შოუ-ბიზნესში ან პოლიტიკაში წავიდნენ — ორ ისეთ სფეროში, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან არანაირ კავშირში არაა (სიმარტივისთვის, მეცნიერებაში STEM დარგებს ვგულისხმობთ).

1. როუან ატკინსონი

ყველასთვის საყვარელი მისტერ ბინის შემსრულებელი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი კომედიანტი, როუან ატკინსონი, თავის დროზე ნიუკასლის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობდა. 4-წლიანი სწავლის და უმაღლესი ქულების დაგროვების შემდეგ, მან მაგისტრატურაზე სწავლა ოქსფორდში გააგრძელა.

სწავლის დამთავრების შემდეგ ატკინსონმა დოქტორანტურის გაგრძელებაც განიზრახა, თუმცა ის მალევე მიატოვა და ყურადღება მთლიანად კომედიაზე და ფილმებზე გადაიტანა. ატკინსონის პირველი შოუ 1979 წელს BBC RADIO 3-ზე გავიდა, სახელწოდებით “Atkinson People”, სადაც ატკინსონი ჟურნალისტს და რესპოდენტებს განასახიერებდა.

ბევრისთვის გასაკვირი იყო, რომ ადამიანი, რომელმაც ინჟინერიის სწავლას ცხოვრების 6 წელი დაუთმო, მოულოდნელად კომედიური რადიო შოუს წამყვანი გახდა.

2. ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი 2005 წლიდან გერმანიის კანცლერი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია. მას ხანდახან ევროკავშირის დე ფაქტო ლიდერსაც უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსობამდე მერკელს ხანგრძლივი და წარმატებული მეცნიერული კარიერა ჰქონდა.

მერკელმა საუნივერსიტეტო განათლება ლაიფციგში (აღმოსავლეთ გერმანია, იმდროინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა), კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. ის მათემატიკის სიყვარულით და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა. ბაკალვრიატის დამთავრების შემდეგ მას ასისტენტ-პროფესორის ტიტულის მოპოვება სურდა.

უნივერსიტეტმა მერკელს ულტიმატუმი წაუყენა. ის იმ შემთხვევაში მიიღებდა თანამდებობას, თუ თავის კოლეგების “ანტი-კომუნისტურ” აქტივობებზე უნივერსიტეტს ცნობებს მიაწვდიდა. რაზეც მერკელმა უარი განაცხადა.

ახალგაზრდა ანგელა მერკელი პირველ მეუღლესთან ერთად

ახალგაზრდა ანგელა მერკელი პირველ მეუღლესთან ერთად

მერკელმა სწავლა გერმანიის მეცნიერებათა აკადემიაში გააგრძელა, სადაც 1978-1990 წლებში მუშაობდა კიდეც. მისი ინტერესის მთავარი სფერო ფიზიკური ქიმია იყო. 1986 წელს მერკელმა დოქტორის ხარისხი მოიპოვა და კვანტურ ქიმიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი აკადემიური კვლევა გამოაქვეყნა.

პოლიტიკაში მერკელი 1989 წელს ჩაერთო — მას შემდეგ, რაც ბერლინის კედელი დაინგრა და ორად გაყოფილმა გერმანიამ გაერთიანება დაიწყო.

3. ბრაიან მეი

Queen ლეგენდარული ბრიტანული ბენდია, რომელმაც ისეთი უკვდავი ჰიტები შექმნა, როგორებიცაა Bohemian Rhapsody, Everyone Bites the Dust, Killer Queen და ა.შ. მართალია, ბენდის ვოკალისტმა, ფრედი მერკურიმ, საკულტო სტატუსი მოიპოვა და დამსახურებულადაც, თუმცა Queen-ის მუსიკა და ჟღერადობა გიტარისტი ბრაიან მეის გარეშე ვერაფრით შეიქმნებოდა.

მეი მსოფლიოში აღიარებული გიტარისტია, რომლის ხმის და ტექნიკის მიბაძვას უამრავი მუსიკოსი ცდილობს. თუმცა მეი მხოლოდ მუსიკით არ ინტერესდებოდა. 1970 წლამდე ის ლონდონის სამეფო კოლეჯში ფიზიკას და მათემატიკას სწავლობდა. 1970 წელს კი დოქტორანტურაზე ჩააბარა, რის პარალელურადაც დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა.

თავდაპირველად მეი ორი გატაცების, მუსიკის და ასტრონომიის შეთავსებას ცდილბდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბენდმა საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა, მეიმ ფიზიკის სწავლა მიატოვა. ამის მიუხედავად, 1970-1974 წელს ის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი გახდა.

2006 წელს, მეიმ სამეფო კოლეჯში დაწყებული დოქტორანტურის დამთავრება გადაწყვიტა და 2007 წელს ხარისხიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დოქტორანტურის თეზისის თავდაპირველი წარდგენიდან მის დასრულებამდე 37 წელი გავიდა.

4. მარგარეტ ტეტჩერი

მარგარეტ ტეტჩერი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია, რომელმაც მსოფლიოს ეკონომიაკზე და პოლიტიკაზე უზარმაზარი კვალი დატოვა. მას დღემდე ჰყავს მხადამჭერები, ბევრი კი ტეტჩერის და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის კრიტიკოსია.

ტეტჩერს უკავშირდება ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი, მასობრივი გაფიცვები ბრიტანეთში და უზარმაზარი ეკონომიკური რეფორმები. და მიუხედავად იმისა, რომ ტეტჩერი ბევრისთვის საძულველი პოლიტიკოსია, მის გამჭრიახობაში და მიზანდასახულობაში ეჭვი არავის შეჰპარვია.

მარგარეტ ჰილდა რობერტსი (ტეტჩერი მეუღლის გვარია) თავის დროზე ლინკონშირის პატარა ქალაქის მკვიდრი გახლდათ და ის მეტწილად მეცნიერებით იყო გატაცებული. 1943 წელს ტეტჩერმა ოქსფორდში, სომერვილის კოლეჯში დაიწყო სწავლა.

ახალგაზრდა მარგარეტ ტეტჩერი ლაბორატორიაში

ახალგაზრდა მარგარეტ ტეტჩერი ლაბორატორიაში

რობერტსი ქიმიაზე სწავლობდა და სპეციალიზაციად კრისტალოგრაფია აირჩია. დისერტაცია კი ანტიბიოტ გრამიციდინზე დაიცვა. აღსანიშნავია, რომ რობერტსი დიდი ხნით ქიმიკოსად მუშაობას არც გეგმავდა და უნივერსიტეტის წლებშივე პოლიტიკით ინტერესდებოდა.

1946 წელს ის ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსერვატიული ასოციაციის წევრი გახდა. პოლიტიკისადმი მისი ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც მან ფრიდრიხ ჰაიეკის “გზა ბატონყმობისკენ” წაიკითხა.

5. დოლფ ლუნდგრენი

ამ სიაში დოლფ ლუნდგრენის აღმოჩენა ბევრისთვის ყველაზე გასაკვირი იქნება. ტანადი შვედი მსახიობი, რომელიც როკი ბალბოას მეოთხე ფილმში საბჭოთა ბოქსიორის, ივან დრაგოს როლს ასრულებს, პროფესიით ქიმიკოსია.

ლუნდგრენმა ქიმიაზე ჩააბარა და წარჩინებული სტუდენტი იყო, რის გამოც 70-იანებში ის ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კლემსონის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. მოგვიანებით კი სტოკჰოლმის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ქიმიური ინჟინერიის სწავლა გააგრძელა.

სწორედ ამ პერიოდში ლუნდგრენი კარატით და ჩხუბის ხელოვნებით დაინტერესდა, რაც მოგვიანებით სამსახიობო კარიერის აწყობაში დაეხმარა. 1980-1982 წლებში ლუნდგრენი ავსტრალიაში სწავლობდა, სადაც მაგისტრატურა დაამთავრა.

1983 წელს ლუნდგრენი დოქტორანტურის MIT-ში გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა ამ პერიოდში გრეის ჯოუნსის პირადი დაცვა გახდა, მოგვიანებით კი — შეყვარებული. ჯოუნსი და ლუნდგრენი ნიუ-იორკში წავიდნენ, სადაც მან მოდელობა და მსახიობობა დაიწყო.

ბოლოს ლუნდგრენი მაინც წავიდა მასაჩუსეტსში, თუმცა MIT-იდან 2 კვირაში გამოვიდა და სამსახიობო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.

“ონ.ჯი”