მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება – ჯანმო

მსოფლიოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით ვირუსი თითქმის 285 ათასს ადამიანს დაუდგინეს. ევროპაში უკვე საუბრობენ, რომ მეორე ტალღა მოახლოვდა.

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა შეზღუდვები ისევ დაწესდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაზრდილ მონაცემებს შემაშფოთებელს უწოდებს.

ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ ჰიგიენური ნორმებისა და კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებს. მკაცრი რეგულაციები სავარაუდოდ ხელახლა დაწესდება საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

“ახლა ყველაზე მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. COVID- 19 არ ცნობს საზღვრებს, იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს. გაიხსენეთ, რამდენად ხშირად იბანთ ხელს და იცავთ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სოციალურ დისტანციას. ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება, მის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

“რუსთავი2”